გორის „დილამ“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 2:2.

გორელები უფრო აქტიურები იყვნენ და 24-ე წუთზე მოჰამედ კანტეს ეფექტური დარტყმით დაწინაურდნენ. 77-ე წუთზე კი, შოთა შეყილაძის გადაცემის შემდეგ ბადრი გოგობერიშვილმა „დილას“ უპირატესობა გაზარდა.

ქუთაისელებმა ბოლო წუთებზე მოინდომეს და თამაში გადაარჩინეს: 90+1-ე წუთზე კომნენ ანდრიჩმა სხვაობა შეამცირა, ხოლო გიორგი არაბიძემ (90+6) ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ტორპედოს“ ქულა შეუნარჩუნა.

„სპაერმა“ „მიხეილ მესხი 2“-ზე წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და სანახაობრივ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა. სტუმრებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-20 წამზე დავით კრასოვსკის გოლით დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ მასპინძლებმა წინ გასვლა მოახერხეს. ტაიმის გმირი ლაშა კოხრეიძე იყო, რომელმაც მე-11 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მისი გადაცემებით კი მოგვიანებით თავი თორნიკე ასკურავამ (42) და გიორგი დ. ცეცხლაძემ (45+1) გამოიჩინეს.

„სამგურალმა“ რთულ ვითარებაში თამაში მაინც შემოატრიალა და მეორე ტაიმის დაწყებიდან 30 წუთში უკვე წინ იყო – გუნდმა ეს კლაუდიო სებოლინიას (52), ირაკლი ბიძინაშვილისა (69) და ირაკლი სირაძის (70) გოლებით მოახერხა.