გელათის მონასტერი იმავე გამოწვევებით უკვე მეექვსე გაზაფხულს ხვდება.

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი  სრულად არის მოქცეული თეთრ ბრეზენტში. სწორედ ეს ცენტრალური ნაგებობა წარმოადგენს გელათის არქიტექტურულ და სულიერ ბირთვს, სადაც დაცულია უნიკალური ფრესკები და ისტორიული მნიშვნელობის საგანძური.

ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის ძეგლი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, დღემდე საჭიროებს კომპლექსურ და ეფექტიან აღდგენით სამუშაოებს. მიუხედავად არაერთი განცხადებისა და დაწყებული პროცესებისა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

სპეციალისტებისა და საზოგადოების ნაწილის შეფასებით, გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებით რისკებს ქმნის უნიკალური ფრესკების და არქიტექტურული ელემენტებისთვის.

მთავარი კითხვა, რომელიც წლების განმავლობაში პასუხგაუცემელი რჩება - როდის დასრულდება გელათის მონასტრის სრულფასოვანი აღდგენა და დაუბრუნდება ის პირვანდელ იერსახეს.