საქსტატის 2026 წლის მონაცემებით, იმერეთი მოსახლეობის კლების მაჩვენებლით რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა.
ანგარიშის მიხედვით, იმერეთში კლების დინამიკა ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაჩქარდა. თუ 10-წლიან ჭრილს შევხედავთ, რეგიონის მოსახლეობა ჯამში 21,900 ადამიანით არის შემცირებული.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოს მოსახლეობას. ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, ზრდა ძირითადად თბილისსა და ბათუმს შეეხება, ხოლო შემცირება ყველაზე მკვეთრია იმერეთის რეგიონში.
უფრო დეტალურად - თბილისის მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 33.7 ათასით გაიზარდა და მან 1.37 მილიონს მიაღწია, ბათუმში კი მატება 9,500 იყო, შედეგად ქალაქის მოსახლეობამ 246,300-ს მიაღწია. იმერეთში კი მოსახლეობა 16,100-ით შემცირდა 492,500-მდე. ასევე მოსახლეობამ იკლო კახეთში; მცხეთა-მთიანეთში; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში; ქვემო ქართლში; შიდა ქართლსა და გურიაში.
რეგიონებში მოსახლეობის კლების ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, თუკი ბოლო 10-წლიან ტენდენციას შევხედავთ - იმერეთის მოსახლეობა ამ პერიოდში 21,900-ით შემცირდა; კახეთის 15,900-ით; სამეგრელო-ზემო სვანეთის 26,400-ით, შიდა ქართლის კი 12,000-ით. ამასთან, 10-წლიან ჭრილში აჭარის მოსახლეობა 70,200-ით გაიზარდა, თბილისის კი 223,900-ით.