პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველ ქალაქებს (თბილისის გარდა) მიეცემათ უფლება, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპები). ამ დრომდე ასეთი უფლება მხოლოდ თბილისს ჰქონდა, ხოლო სსიპები ძირითადად მთავრობის გადაწყვეტილებით იქმნებოდა.
ცვლილებების მიხედვით, ქალაქის საკრებულო, მერის წარდგინებით, შეძლებს სსიპის შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას. აღნიშნული სტრუქტურები სხვადასხვა სფეროს მართვას მოემსახურება - მათ შორის მშენებლობის ნებართვების გაცემას (მათ შორის დაჩქარებული წესით), ურბანულ დაგეგმარებას, ტრანსპორტის რეგულირებას, პარკირებას, გარე რეკლამას და მუნიციპალური ქონების მართვას.
ასევე, მერი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს სსიპის ხელმძღვანელი, ხოლო საკრებულო დაადგენს მომსახურების, მათ შორის დაჩქარებული სერვისების საფასურს.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სსიპების შექმნა ერთის მხრივ დაკავშირებული იქნება დამატებით საბიუჯეტო ხარჯებთან, თუმცა პარალელურად გაზრდის მუნიციპალიტეტის შემოსავლებსაც — როგორც მომსახურების საფასურის, ისე დასაქმებულთა მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე.
ინიციატივის მიზანი ადგილობრივი სერვისების გამარტივება და მართვის ეფექტიანობის გაზრდაა.