"ჯეო ჰოსპიტალსის" ზესტაფონის კლინიკაში შეყვანილი 13 უცხოელი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია და მათი მკურნალობა გრძელდება.

ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მგზავრები გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში შემოიყვანეს.

კლინიკაში ამ დრომდე სხვადასხვა სახის და სხვადასხვა სპეციალისტების დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ რჩება 13-ვე პაციენტი, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა.

"ავარიის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე კლინიკის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაში ჩადგა. ერთდროულად 13  დაზარალებული პაციენტის მიღება, ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ნებისმიერი  კლინიკისთვის, თუმცა გუნდის კოორდინირებულმა და სწორმა ქმედებამ შესაძლებლობა მოგვცა, თითოეული პაციენტისთვის დროული და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ერთიანად მოხდა გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის, ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ნევროლოგიისა და დიაგნოსტიკური გუნდების მობილიზაცია. ამ რთულ წუთებში განსაკუთრებული პროფესიონალიზმით და თავდადებით იმუშავეს: გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლალი ბრეგვაძემ, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა, ქირურგმა იური ჩოგოვაძემ, ტრავმატოლოგებმა - ლევან ჩოგოვაძემ და შოთა კაპანაძემ, ნევროლოგმა მაკა ფერაძემ, სწორედ ამ გუნდური მუშაობის შედეგად ჩვენს პაციენტებს საფრთხე აღარ ელით და ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობა", - განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალსის" ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი ლაღიძემ.

მისი თქმით,  დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ტურისტული მარშრუტით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სამი პაციენტი იმყოფებოდა. მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და ტვინის შერყევა.

ამ ეტაპზე ორი პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

ამ დროის მონაცემებით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ელის.