ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყერის შედეგად დაზარალებულ 112 ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის №84 განკარგულებით არის განსაზღვრული.

დოკუმენტის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი:

50 000 ლარი გადაეცემა იმ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა საცხოვრებელი არ აქვთ;

30 000 ლარი განესაზღვრებათ იმ პირებს, რომელთაც ჰქონდათ ან აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და იგი 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ გაასხვისეს. 

იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ დაზიანებული სახლის მესაკუთრე ამ თარიღისთვის ფლობდა სხვა საცხოვრებელს და მოგვიანებით გაყიდა დაზიანებულ სახლში არსებული წილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპენსაცია არ გახდება სოციალური სტატუსის გადამოწმების საფუძველი და ოჯახებს არ დაეკისრებათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თანხის მიღების შესახებ შეტყობინების ვალდებულება.

მიუხედავად ამისა, სოფლებში მოსახლეობის ნაწილი მიღებულ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს. ღვერკის მცხოვრები მარადი გელაშვილი აცხადებს, რომ შეთავაზებული თანხა რეალურ ზარალს ვერ ფარავს და ამბობს, რომ ბევრი ოჯახი კომპენსაციის მიღებას არ აპირებს.

მისი თქმით, 50 ათასი ლარი, ან თუნდაც უფრო მეტი თანხა, ახალი სახლის აშენებისთვის საკმარისი არ არის, ხოლო კომპენსაციის მიღება ავტომატურად ნიშნავს გეოლოგიურ დასკვნაზე თანხმობას, რომლის მიხედვითაც მეწყერი ბუნებრივი პროცესების შედეგია. ადგილობრივების ნაწილი კი მეწყერის მთავარ მიზეზად ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას მიიჩნევს.

„ეს ადამიანები ეკომიგრანტები არ არიან - აქ იყო მიწა, ბაღები, ვაზი, პირუტყვი. ამ ყველაფრის სანაცვლოდ 30 ან 50 ათასი ლარი ვერ იქნება სამართლიანი ანაზღაურება“, - აცხადებს გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მაისში ღვერკსა და ხემაღალში გააქტიურებული მეწყერი დაახლოებით 68 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული გეოლოგიური კომპანიის დასკვნით, აღნიშნული მეწყერი საქართველოში დაფიქსირებულ ყველაზე მასშტაბურ პროცესებს შორის შედის და საერთაშორისო კლასიფიკაციით „ძალიან ღრმა“, „ძალიან მძლავრი“ და „ექსტრემალურად დიდი“ კატეგორიების ფარგლებში ხვდება. სპეციალისტების შეფასებით, ფერდობზე მეწყერი კვლავ აქტიურ ფაზაშია და მისი ბუნებრივი სტაბილიზაცია უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.