ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ზალკალიანმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დაიკავა. აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ "ინფო იმერეთმა“ აუდიტორიას 2024 წლის 27 აგვისტოს ექსკლუზიურად აცნობა.

ზალკალიანის ორწლიანი მუშაობის ფონზე, იმერეთის მუნიციპალიტეტებში კვლავ არაერთი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა რჩება.

რეგიონის არაერთ სოფელში მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. პრობლემად რჩება საავტომობილო გზების მდგომარეობაც.  სოფლებში არის დასახლებები, სადაც ადგილობრივებს გადაადგილება მოუწესრიგებელი გზების გამო უჭირთ.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასმელი წყლის საკითხიც. იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი დღემდე ელოდება წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და უწყვეტი, უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებას.

იმერეთში არის სოფლები, სადაც არ  გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, მძიმეა რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობაც. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ იმერეთის მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

რეგიონიდან წასული მოქალაქეები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამუშაო ადგილების სიმცირესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში სტიქიამ რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. წელიწადი გავიდა, რაც ასზე მეტ ოჯახს იგივე ბედი ეწია ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში. უმძიმესი სურათია ჭიათურის სოფელ შუქრუთში. დანგრეული სახლების და და დანგრევის პირას მისული საცხოვრებლების მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ.

იმერეთისთვის გამოწვევად რჩება სოფლებიდან მოსახლეობის გადინება, დასაქმების შესაძლებლობების სიმცირე და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საჭიროება.

ლევან ზალკალიანის გუბერნატორად მუშაობის ორი წლის თავზე, სწორედ ეს საკითხები რჩება იმ პრობლემებს შორის, რომელთა მოგვარებასაც რეგიონში მოსახლეობა ხელისუფლებისგან კვლავ ელოდება.