ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგები ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელს მაია ცქიტიშვილს მიმართავენ.
განცხადებაში, რომელიც "ინფო იმერეთმა" მოიპოვა, პედაგოგები უსაფუძვლო და დაუმსახურებელს უწოდებენ მათი კოლეგის ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ უსამართლო ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.
"დირექტორმა უგულებელყო სკოლის დისციპლინური კომიტეტის დასკვნა, რომელმაც ნატალია თურქაძის ქმედებაში გადაცდომა არ დაადასტურა. პედაგოგი არის მაღალი კვალიფიკაციის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, რომლის ღვაწლიც შეუფასებელია. მის მიმართ ასეთი რადიკალური ზომის გამოყენება თითოეულ ჩვენგანში თესავს დაუცველობის განცდას. მოვითხოვთ, ნატალია თურქაძის დაუყოვნებლივ დაბრუნებას სკოლაში", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 61 პედაგოგი აწერს.

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ნატალია თურქაძის განმარტებით, გასულ წელს მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე მას იტალიაში სამოგზაურო საგზური აჩუქეს. თურქაძის თქმით, საჩუქარი გადაეცა მას შემდეგ, რაც მოსწავლეები უკვე დამთავრებული იყვნენ სკოლა და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა აღარ აკავშირებდათ.
საქმე სკოლის დისციპლინურმა საბჭომ განიხილა, თუმცა მასწავლებლის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა არ დადგინდა. მიუხედავად ამისა, სკოლის დირექტორმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.