ქუთაისის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამინდელმა ემიგრანტმა გრიგოლ ჭელიძემ პლატფორმა "მისმინესთან" ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტროში მის მიერ მუშაობის პერიოდი გაიხსენა.
პოლიციის ყოფილი ინსპექტორი, რომელიც უწყებაში 2011 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა, დეტალურად საუბრობს იმ ტრანსფორმაციაზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ამ წლების განმავლობაში განიცადა.
გრიგოლ ჭელიძის განცხადებით, 2011 წელს, როდესაც მან მუშაობა დაიწყო, საპატრულო პოლიციის სტრუქტურა სრულად გამართული იყო, რაც ინვენტარის მოწესრიგებაში, ავტოპარკის მუდმივ განახლებასა და საწყობების მომარაგებაში გამოიხატებოდა. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე დანაშაულის სტატისტიკაც დაბალი იყო.
"წელიწად-ნახევარი ისე ვიმუშავე, სისხლის სამართლის საქმეზე შეტყობინება არ შემოსულა. პარკეტის პოლიციელებივით ვიყავით თავიდან“, - აცხადებს ჭელიძე.
ყოფილმა ინსპექტორმა ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა 2013 წლის შემდეგ დაწყებულ ცვლილებებზე, რაც, მისი შეფასებით, სისტემურ გაუარესებაში გამოიხატა. ჭელიძის თქმით, ამ პერიოდიდან ქვეყანაში გაიზარდა მცირე და მძიმე დანაშაულების, მათ შორის ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის შემთხვევები, პარალელურად კი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიშალა.
"2013 წლის ბოლოდან ყველაფერი შეიცვალა. რაღაცნაირად უცებ, მოკვდა ეს სიტუაცია. უცებ გადავედით საბურავების მოპარვაზე, აკუმულატორების მოპარვაზე. მივედი სისტემაში, სადაც მოქალაქე მანქანის კარსაც არ კეტავდა და წელიწად-ნახევარში გამოძახებაზე მივდიოდი და მანქანა საბურავების გარეშე მხვდებოდა. მანქანით რომლითაც დავდიოდით, სავარძლები არ ვარგოდა, სახელურები არ ჰქონდა. ფორმები აღარ გვქონდა. შარვალი აღარ მქონდა, ჩემით ვიკერავდი შარვლებს“, - აცხადებს ჭელიძე.
ყოფილი პოლიციელი აღნიშნავს, რომ პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ხელმძღვანელობა მათ მოთმინებისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, მან ისაუბრა პოლიციის ფუნქციის ცვლილებასა და გეგმური ოქმების წერის ვალდებულებაზე: "ვიჯექი მანქანაში, რომელსაც ძირი როდის გაძვრებოდა არ ვიცოდი და გვთხოვდნენ ოქმების წერას. მოსიარულე 25 ოქმი ვიყავი. ანუ პატრული კი არ ვიყავი, ოქმების ამომწერად მაქციეს".
გრიგოლ ჭელიძე ინტერვიუში სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არა ცალკეული შემთხვევები, არამედ სისტემური დანაშაულია.
"10 ადამიანი რომ ერთ ადამიანს ურტყამს, გასულია კანონის ჩარჩოებიდან. პოლიციელი როდესაც კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაშინ არის პოლიციელი, თორემ ისევ დაჯგუფებაა. ჩემთვის ეს ძალიან ამაზრზენი ფაქტი იყო. ეს ფორმაც მსუბუქია, როდესაც ამ კანონს გაცდები, ეს ფორმა მძიმდება, მუნდირი გაუსაძლისი ხდება“, - აცხადებს ქუთაისის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი.