ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამაშველო სამსახურის შენობის უკან მდებარე სტადიონის მშენებლობა უკვე ათი წელია, მიმდინარეობს. ადგილობრივები „ინფო იმერეთს“ წერენ და პრობლემის გაშუქებას ითხოვენ.

მოსახლეობის ინფორმაციით, სტადიონის დასრულებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდებიან. მათი თქმით, არაერთი მიმართვის შემდეგ მოედანს განათება დაუმონტაჟდა, თუმცა სამუშაოები ამ ეტაპზე კვლავ შეჩერებულია.

"ახლა დარჩენილია ხელოვნური საფარის დაგება და ირგვლივ ტერიტორიის გასუფთავება, თუმცა ეს პროცესი უკვე 10 წელია, გრძელდება და შედეგი არ ჩანს. სტადიონი დღემდე ვერ დაგვირგვინდა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სპორტული სივრცე ესაჭიროებათ.

ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ სტადიონის დასრულების პროცესი აღარ გადაიდოს და ტერიტორია უსაფრთხო და სრულფასოვან სპორტულ სივრცედ იქცეს.