ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს თანამედროვე კონტროლის აპარატურა გადაეცა.
ინიციატივა "ქუთაისი – სუფთა სუნთქვის ქალაქის“ ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ურბანული გამოწვევების ინიციატივის ფარგლებში.
ახალი მოწყობილობები სრულად ინტეგრირდება სასწავლო და კვლევით პროცესში და უნივერსიტეტის შესაძლებლობებს საგრძნობლად გააფართოებს.
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ინგა ბოჭოიძე ამბობს, რომ ტექნიკა მნიშვნელოვნად გააძლიერებს პრაქტიკულ სწავლებას.
"პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს გადმოეცა ჰაერის ხარისხის კონტროლის საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოები.
ეს ხელსაწყოები გამოყენებული იქნება სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის როგორც გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში, ასევე ელექტრული ინჟინერიის, მშენებლობის, ტრანსპორტის, სურსათის ტექნოლოგიის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიის პროგრამებში, რადგან გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კომპეტენციები საკვანძოა ამ მიმართულებების სტუდენტებისთვისაც", - აცხადებს ინგა ბოჭორიძე.

მისივე თქმით, აპარატურა სტუდენტებს საშუალებას მისცემს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით იმუშაონ.
"ჰაერის ხარისხის კონტროლის ეს მოწყობილობები გამოყენებული იქნება სტუდენტების კვლევითი უნარების გასაუმჯობესებლად, გარემოსდაცვითი პროექტისა თუ სამაგისტრო ნაშრომის შესრულების დროს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხის კონტროლის მიმართულებით სერიოზული გამოწვევები გვაქვს როგორც გლობალურად — SDG 11-ის ფარგლებში, ასევე ლოკალურად - ქალაქ ქუთაისსა და რეგიონის სხვა ქალაქებში", - განაცხადა ბოჭორიძემ.
პროექტის ინიციატორი მარიკა ვაჭარაძე ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების ჩართულობაზე.
"ამ პროექტის მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის გარემოს დაცვის საკითხების პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებით გვინდოდა აგვემაღლებინა ცოდნა ჰაერის დაბინძურების ხარისხზე. უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, სადაც ახალგაზრდებს პრაქტიკულად შეუძლიათ მონიტორინგის განხორციელება. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი სწორედ ისაა, რომ უნივერსიტეტი აღიჭურვა შესაბამისი თანამედროვე აპარატურით - შესაძლებლობა, რომელიც ამ პროექტმა მოგვცა“, - აცხადებს მარიკა ვაჭარაძე.
პროექტის კიდევ ერთი ინიციატორი ხვიჩა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ტექნიკა ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების საფუძველიც გახდება.
"აღნიშნული ტექნიკის გადაცემა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი სრულად იქნება ინტეგრირებული სასწავლო პროცესში და გამოყენებული როგორც პრაქტიკული სწავლების ეფექტიანი ინსტრუმენტი. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტების პროფესიულ მომზადებას და ხელს შეუწყობს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების განვითარებას.
ამავე დროს, გადაცემული ტექნიკა შექმნის საფუძველს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის, განსაკუთრებით გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ მიმართულებებში", - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ახალი ტექნოლოგიური რესურსი უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ სტუდენტების პროფესიული უნარები გააძლიეროს, არამედ აქტიურად ჩაერთოს ქალაქისა და რეგიონის ეკოლოგიური გამოწვევების მოგვარებაში.