განათლების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სიაში აღარ იძებნება ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგიის შესახებ პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს 20 სტუდენტი უნდა მიეღო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ამოღების გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო.
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სიუჟეტის მიხედვით, პროგრამის ხელმძღვანელი და ავტორი ალიკო ცინცაძეა, რომელიც ამავდროულად იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის დამფუძნებელია. ალიკო ცინცაძის თეორიული სისტემა წარმოადგენს მცდელობას, ქართული ენა, დამწერლობა და არქიტექტურა გაერთიანდეს ერთიან კოსმოსურ პარადიგმაში.
მისი ნაშრომები ეფუძნება მოსაზრებას, რომ უძველესი ქართული კულტურა ფლობდა ფუნდამენტურ ცოდნას სამყაროს მოწყობის შესახებ, რომელიც დაშიფრულია ანბანურ სიმბოლოებს და ლიტერატურულ ძეგლებში.
ორგანიზაცია "იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა“ 2022 წელს დარეგისტრირდა, გამგეობა სამი წევრისგან შედგება. თავმჯდომარე ნათელა სირაძეა, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის მიხედვით, წარსულში ამტკიცებდა რომ სტალინი წმინდანია და ის საზოგადოებამ მაია ასათიანის გადაცემა „პროფილით“ გაიცნო.
საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალში ასტროენათმეცნიერების და ასტროარქეოლოგიის პროგრამის ხილვა კრიტიკის საგანი გახდა.
უმაღლესი განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ პროგრამა ფსევდომეცნიერებას ეფუძნება და ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ დაანონსებული რეფორმის ფარგლებში ტრადიციულ აკადემიურ პროგრამებზე მნიშვნელოვნად ამცირებს მისაღები სტუდენტების კვოტას.