ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში ხმაურია. მოსწავლეების ნაწილი საგაკვეთილო პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებს და ამბობენ, რომ ვიდრე გათავისუფლებულ მასწავლებელ ნატალია თურქაძეს სამსახურში არ აღადგენენ, გაკვეთილებს არ დაესწრებიან.
დირექტორმა პატრული გამოიძახა, სამართალდამცველები ბავშვებს საკლასო ოთახებში შესვლისკენ მოუწოდებენ.
"არ შევალთ კლასში, რადგან დირექტორმა ჩვენი საყვარელი ნატალია მასწავლებელი გაათავისუფლა. დასაჯეს იმის გამო, რომ ბავშვების სიყვარული ჰქონდა", - ამბობენ ბავშვები.
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ნატალია თურქაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა განხილვა, რომელიც ყოფილი მოსწავლეებისგან მიღებულ საჩუქარს უკავშირდება.
მასწავლებლის განმარტებით, გასულ წელს მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე მას იტალიაში სამოგზაურო საგზური აჩუქეს. თურქაძის თქმით, საჩუქარი გადაეცა მას შემდეგ, რაც მოსწავლეები უკვე დამთავრებული იყვნენ სკოლა და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა აღარ აკავშირებდათ.
საქმე სკოლის დისციპლინურმა საბჭომ განიხილა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა არ დადგინდა. მიუხედავად ამისა, სკოლის დირექტორმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების ბრძანება 23 თებერვლით თარიღდება, ხოლო თავად მასწავლებლის თქმით, ამის შესახებ მან მხოლოდ მეორე დღეს, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ შეიტყო.
ბრძანებაში მითითებულ საფუძვლად, მასწავლებლის განცხადებით, სკოლის იმიჯის შელახვაა დასახელებული, რასაც იგი არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.
მასწავლებლის გათავისუფლებას სკოლის მოსწავლეების ნაწილი და კოლეგებიც გამოეხმაურნენ. 25 თებერვალს სკოლის წინ გაიმართა აქცია მოთხოვნით – „დაბრუნდეს ნატალია მასწავლებელი სკოლაში“.
საკითხზე კომენტარის მისაღებად დაკავშირებულმა სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ სატელეფონო საუბრისას განმარტება არ გააკეთა. წერილობით გაგზავნილ შეკითხვაზეც პასუხი ამ ეტაპზე მიღებული არ არის.