ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

სოციალურ ქსელში, მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფში, მზია კახაძე ქუთაისის N36 საჯარო სკოლიდან პედაგოგ ნატალია თურქაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და გადაწყვეტილებას „საშიშ პრეცედენტს“ უწოდებს.

მისი ინფორმაციით, ნატალია თურქაძემ 2025 წლის მაისში სადამრიგებლო მე-12 კლასი გააცილა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, კახაძის განმარტებით, კურსდამთავრებულთა მშობლებმა მასწავლებელს მადლიერების ნიშნად იტალიაში მოგზაურობის საგზური გადასცეს.

ავტორის თქმით, აღნიშნული ფაქტიდან რვა თვის შემდეგ სკოლის მისამართით აუდიტის სამსახურის წერილი შევიდა, რომლის საფუძველზეც საკითხი დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა. როგორც კახაძე წერს, კომიტეტმა დაადგინა, რომ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, რადგან საჩუქრის გადაცემის მომენტში ახალგაზრდები უკვე კურსდამთავრებულები იყვნენ და სასწავლო პროცესზე გავლენა ვერ იარსებებდა.

თუმცა, მისივე განცხადებით, სკოლის დირექტორმა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება არ გაიზიარა და ნატალია თურქაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადების ავტორი ასევე მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანებაში გასაჩივრების უფლება არ იყო მითითებული, რაც, მისი შეფასებით, პროცედურული დარღვევაა.

მზია კახაძე გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკითხზე რეაგირებასა და საჯარო განხილვას გააგრძელებენ.

ამ ეტაპზე სკოლის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია გავრცელებული არ არის.

ნატალია თურქაძის სკოლიდან გათავისუფლების შესახებ პირველმა ინფორმაცია იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთმა" გაავრცელა.