ქუთაისში ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის 45-მდე ადამიანი მშენებელ კომპანიას მიმართავს.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი კონფრონტაცია არ არის და პროცესში დიალოგისა და ისტორიული პასუხისმგებლობის პრინციპით ჩართვას ითხოვენ. 

მათი თქმით, აუცილებელია ისეთი გადაწყვეტის მოძიება, რომელიც დააბალანსებს კერძო საკუთრების უფლებასა და ქალაქის კულტურულ ინტერესს.

"შპს „იბერია სტარ გრუპ“-ს დამფუძნებლებს, ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას, დირექტორს,

მოგმართავთ ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა N39ა-ზე მიმდინარე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით, სადაც მდებარეობდა ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორია და მასთან დაკავშირებული საკულტო ნაგებობა.
ჩვენი მიზანი არ არის კონფრონტაცია. ჩვენი მიზანია - დიალოგი, ისტორიული პასუხისმგებლობა და ისეთი გადაწყვეტის პოვნა, რომელიც დააბალანსებს კერძო საკუთრების უფლებას და ქალაქის კულტურულ ინტერესს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ საკითხს:

1. ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის (სამლოცველოს) შენარჩუნება;
2. ჯერ კიდევ დაუნგრეველი საგუბერნიო ციხის ნაწილის კონსერვაცია და გადარჩენა.

გვჯერა, რომ ისტორიული მეხსიერება არ არის დაბრკოლება განვითარებისთვის — იგი შეიძლება იქცეს პროექტის ღირებულების განმამტკიცებელ კომპონენტად. თანამედროვე ურბანულ პრაქტიკაში არაერთი მაგალითია, როდესაც კერძო ინვესტორი ინარჩუნებს ისტორიულ ფრაგმენტს და მას ინტეგრირებს ახალ სივრცეში, რითაც პროექტი უფრო უნიკალური და ღირებულიც ხდება.

განსაკუთრებით გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არსებული ეკლესია წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ ელემენტს, არამედ სულიერ და ისტორიულ ნიშნულს. მისი დემონტაჟი და ჩანაცვლება ახალი ნაგებობით ვერ უზრუნველყოფს ავთენტურობის შენარჩუნებას.

ამასთან, ოფიციალურად გთავაზობთ შემდეგს:
• შევისწავლოთ არსებული ეკლესიის შენარჩუნებისა და რესტავრაციის შესაძლებლობა;
• შევისწავლოთ დაუნგრეველი ციხის ნაწილის კონსერვაციისა და საზოგადოებრივი ფუნქციის მინიჭების ვარიანტი;
• განვიხილოთ ალტერნატიული სამართლებრივი ფორმა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა ჯგუფს, ფონდს ან ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს აღნიშნული ისტორიული ნაწილი საბაზისო პირობებით, ეკლესიისა, ციხის ფრაგმენტის და გალავნის შესანარჩუნებლად.

ჩვენი ხედვაა, რომ ციხის შემორჩენილ ნაწილში შესაძლებელი გახდეს ოკუპაციის ან სხვა ტიპის მუზეუმის მოწყობა, რაც არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, არამედ ქალაქისთვის რეალურ კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეს შექმნის. ასეთი გადაწყვეტა შეიძლება იქცეს ქალაქისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტად და პარალელურად გაზარდოს თქვენი განვითარების პროექტის სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი.

მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია, თუ პროცესი იქნება გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი. მზად ვართ ოფიციალური შეხვედრისთვის, სადაც დეტალურად განვიხილავთ როგორც სამართლებრივ, ასევე ფინანსურ და არქიტექტურულ ასპექტებს.

გთხოვთ, დროებით შეაჩეროთ იმ ნაწილის დემონტაჟი, რომელიც ჯერ კიდევ ექვემდებარება შენარჩუნებას, რათა განხილვის შესაძლებლობა რეალურად არსებობდეს.

ქალაქის ისტორია ერთობლივი პასუხისმგებლობაა - როგორც საზოგადოების, ისე ბიზნესის. გვჯერა, რომ შესაძლებელია გადაწყვეტილება, რომელიც ქუთაისისთვის გახდება მაგალითი და არა დაპირისპირების საფუძველი", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კომპანიებს უკვე გაეგზავნა.

ცნობისთვის, 9 100 კვადრატული მეტრი ფართობის ყოფილი საგუბერნიო ციხის შენობა 2022 წელს ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 1,7 მილიონ ლარად გაიყიდა. ობიექტი შპს „იბერია სტარ გრუპმა“ შეიძინა. კომპანია ქუთაისელ ბიზნესმენებს - დავით და ოთარ კოსტავებს ეკუთვნით. დავით კოსტავა ქუთაისის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაგდა კოსტავას მამაა.

ისტორიული ციხე 2000-იანი წლების ჩათვლით მოქმედებდა. 2005 წელს დაწესებულება საბოლოოდ დაიხურა. შენობა 2014 წელს მხოლოდ ერთი დღით გაიხსნა, როდესაც იქ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართა, რის შემდეგაც კვლავ დაიკეტა. 2019 წელს ობიექტი აუქციონზე გაიტანეს.