28 თებერვალს, 14:00 საათზე, ჭიათურაში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
საორგანიზაციო ჯგუფი "მაღაროელი" მოქალაქეებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, პრობლემები და გამოწვევები არსად წასულა და ჭიათურა კვლავ სოციალური პროტესტის ეპიცენტრია.
"ჭიათურას ჰყავს ოთხი უკანონო პატიმარი. მათი „დანაშაული“ იყო ის, რომ არ გაჩუმდნენ, არ დაუხარეს თავი უსამართლობას. საქმე ცრუ მოწმეების დახმარებით შეკერეს, რომ ყველასთვის ეჩვენებინათ, რა ელის პრინციპულ პოზიციას; მაგრამ ჩვენ აქ ვართ, როგორც გამძლეობის მაგალითი; და ეს მხოლოდ ჩვენი დაპატიმრებული მეგობრების, მერაბის, თენგოს, აჩიკოს და გიორგის გათავისუფლებულების ბრძოლა არ არის. ჩვენ ვიბრძვით მათთვისაც, ვინც მაღაროში სამუშაოდ ჩავიდა და იქ სოცკის ახალი წესები დახვდა - გაუარესებული შრომის პირობები, დაკნინებული უსაფრთხოება და ღირსების განცდა.
ჭიათურაში რეორგანიზაციის სახელით 2000-მდე სამუშაო ადგილი გაქრა.
1050-ზე მეტი ადამიანი საჯაროდ ითხოვს დასაქმებას, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზმა" და სოცკიმ მოატყუეს და შეცდომაში შეიყვანეს.
ასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ასობით მშრომელი იძულებით წავიდა ქალაქიდან და ქვეყნიდან. შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ბანკები გამოსახლებით ემუქრებიან. ყვირილა კიდევ უფრო შავია, ვიდრე გუშინ.ერთი წლის წინ ყველა ერთად ვიდექით ქუჩაში - მაღაროელი, მაღაზიის მფლობელი თუ გამყიდველი, მოსწავლე და მასწავლებელი და უკეთესი ჭიათურისთვის ვიბრძოდით. ეს პასუხისმგებლობა არ გამქრალა.
არჩევანი ისევ ისეთია: ერთად დგომა, ან დუმილი.
ჭიათურა დღეს სოციალური პროტესტის ეპიცენტრია. აქ წყდება, იქნება თუ არა დაცული ღირსეული შრომის და ცხოვრების უფლება. ჩადექი საერთო სოლიდარობის ჯაჭვში, დადექი ეპიცენტრში!
28 თებერვალი, 14:00 საათი და შეკრების ადგილი ტრადიციულად ტრესტის მიმდებარე ტერიტორია - მერიის წინ", - აღნიშნულია "მაღაროელის" განცხადებაში.