ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო.
ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა აშენებულია მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში და წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საზოგადოებრივ ნაგებობას.
შენობა მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ ღირებულებას ატარებს - ის იმ ეპოქის ქალაქური განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. პროექტი მოიცავს მრავალფუნქციურ სივრცეების მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა. განახლებული ბიბლიოთეკა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.