ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის დემონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება. შენობაზე განთავსებული საინფორმაციო ბანერის მიხედვით, ობიექტი 20 დღის ვადაში უნდა დაანგრიონ, ხოლო მის ადგილზე 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს არა უბრალოდ ერთი შენობის დაკარგვას, არამედ ქალაქის ისტორიული მეხსიერების წაშლას. ნაგებობას ჰქონდა პოტენციალი, ქცეულიყო საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმად, მოეზიდა ტურისტები და ქუთაისისთვის შემოსავალი მოეტანა, თუმცა ამის ნაცვლად, ისტორია ბეტონით იცვლება. 

ისტორიული ციხის შენობა, რომლის ნაცვლადაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აიგოს, საბჭოთა ოკუპაციის და ტოტალიტარული რეჟიმის საპატიმრო იყო. აქ 20-იანი, 30-იანი და 40-იანი წლების მასობრივი რეპრესიების მსხვერპლებს ატუსაღებდნენ. 1903 წლიდან აქ, მე-7 საკანში იჯდა საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი. მეფის რუსეთის დროს, 1894 წელს, აქ იხდიდა სასჯელს მწერალი თედო სახოკიაც. 

9,100 კვ.მ ფართობის ძველი ციხის შენობა 2022 წელს, ქუთაისის მერიის აუქციონზე, 1,7 მილიონ ლარად გაიყიდა. უძრავი ქონება შეიძინა შპს “იბერია სტარ-გრუპმა”, რომელიც ქუთაისელ ბიზნესმენებს, მამა-შვილ დავით და ოთარ კოსტავას ეკუთვნით. დავით კოსტავა ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატის მაგდა კოსტავას მამაა.

ეს ციხე 2000-იანი წლების ჩათვლით მოქმედი იყო, 2005 წელს კი საბოლოოდ დაიხურა. შენობა 2014 წელს, მხოლოდ ერთი დღით გახსნეს, როცა იქ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართა, შემდეგ ისევ დაკეტეს, 2019 წელს კი აუქციონზე გაიტანეს.