ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შიდა ტურიზმის წახალისებისკენ მოუწოდებს.
ამ თემაზე მან BMGTV-ს გადაცემა "წერტილში“ ისაუბრა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო საქართველოს ტურიზმის დარგში შექმნილი გამოწვევები იყო.
Travel To Georgia-ს დირექტორმა, რომლის ტურისტული კომპანია გამყვან ტურიზმშიც საქმიანობს, მაგალითად თურქეთის პრაქტიკა მოიყვანა, სადაც სახელმწიფო საგარეო შოკების დაბალანსებას სწორედ შიდა ტურიზმის სტიმულირებით ახდენს.
"მაგალითად, თურქეთში ხშირად ვატარებთ ტურებს და ერთ-ერთი ასეთი ობიექტი არის ბაზილიკა ცისტერნა [სტამბოლის ერთ-ერთი ისტორიული სიმბოლო], რომელიც მონახულებად ადგილებში ტოპ-ათეულშია. უცხოელი ტურისტი ამ ბაზილიკა ცისტერნაში იხდის სადღაც 40 ევრომდე, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესვლა ღირს ერთი ლირა. ეს სპეციალურად წამოვიღე. ეს რას ნიშნავს? თურქეთი გარკვეულწილად ხელს უწყობს შიდა ტურიზმით დააბალანსოს ის დანაკლისი, რაც შეიძლება ჰქონდეს შემომყვანი ტურიზმის ნაწილში... ეს ოჯახები სასტუმროში დარჩნენ, კვების ობიექტებით ისარგებლეს, ანუ არავის მოაკლდა ტურისტი და სახელმწიფომ გარკვეულწილად სტიმულირება მისცა სექტორს... კარგი იქნება, თუ მთელ პერიოდზე - არა, ასეთი სიმბოლური ფასები დაწესდება იმ სეზონზე, როცა დაბალი აქტივობაა. სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს, რომ ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, სიმბოლურ ფასად იმოგზაურონ ამა თუ იმ ადგილებში. ეს ნიშნავს დატვირთულ ადგილობრივ სასტუმროებს, დატვირთულ გიდებს, დატვირთულ კვების ობიექტებს, შიდა ტურიზმის გააქტიურებას და დაბალანსებას იმ დროს, როცა დაკეტილია მთავარი ბაზრები - მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ა.შ“, - აღნიშნა მან.
ლაშა ბერეკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სიმბოლური ფასი ადგილობრივებს ოჯახებით მოგზაურობისკენ უბიძგებს, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, კერძო სექტორი და ქვეყნის ეკონომიკა იგებს.
თურქული მოდელის საპირისპიროდ, Travel To Georgia-ს დირექტორი ქართულ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი ტურისტისთვის პირობები კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან დაცულ ტერიტორიებზე ტარიფები საგრძნობლად გაიზარდა არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
საქმე ის არის, რომ 1 აპრილიდან, მარტვილის და ოკაცეს კანიონებზე ქართველებისთვის ბილეთის ფასი 12-დან 16 ლარამდე გაიზარდა. პრომეთეს მღვიმეში შესვლის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 13 ლარი იყო და 16 ლარი გახდა. სათაფლიაში კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის შესვლა 10 ლარის ნაცვლად, უკვე 15 ლარი ღირს.
„რას ვხედავთ საქართველოში? - დაცული ტერიტორიების სააგენტომ, პირველი აპრილიდან, გააორმაგა ფასები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დაცულ ტერიტორიებში ვიზიტი საკმაოდ ძვირი გამოდის. თუ ჩვენ დაცული ტერიტორიები და ატრაქციები - მარტვილი იქნება, პრომეთე, სათაფლია თუ სხვა ადგილები, იმიტომ გვინდა, რომ იქ ადგილობრივები დასაქმდნენ, დამაგრდნენ და ტურმასპინძლობის ბიზნესი წარმატებული იყოს, პირველ რიგში, ადგილობრივებს უნდა შეეწყოთ ხელი, რაც სახელმწიფოსთვისაც გაზრდილ შემოსავალს ნიშნავს“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, მაღალი ფასების გამო ქართველი მომხმარებელი ქვეყნის შიგნით მოგზაურობას ერიდება, რის გამოც ბოლო წლებში საზღვარგარეთ გასვლის მკვეთრი ტენდენცია შეინიშნება.
"ეს ნაკადი სახელმწიფომ სწორი საფასო პოლიტიკით კვლავ ქვეყნის შიგნით უნდა გადმოამისამართოს“, - აღნიშნა მან.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ტურისტული ნაკადების მართვა გრძელვადიან ჭრილში ისწავლონ და სიმბოლური ფასები, თუნდაც სეზონურად, ადგილობრივებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადონ.