ტურისტული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე, მომხმარებლების ნაწილმა მომდევნო პერიოდზე დაგეგმილი წინასწარი ჯავშნები გააუქმა.
როგორც BMG-სთან Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, მოგზაურების ნაწილმა ტურები არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებში, არამედ ევროპასა და აზიაშიც გააუქმა.
"მომართვიანობა შემცირებულია. ახალი ჯავშნების აღების, ახალ ტურებზე ჩაწერის, თავშეკავება არის. ვისაც უკვე წინასწარი ჯავშნები გააჩნდათ და თანხის ჩარიცხვას ველოდებით, მათგან გაუქმებები არის, რა თქმა უნდა. ვისაც თანხა ჩარიცხული არ ჰქონდათ, ფაქტობრივად ჩვენც ვეღარ შევძელით მათ დადასტურებას და ისინიც აუქმებენ ამ ჯავშნებს. ეს არის ძირითადად აზიის ქვეყნები, [ახლო აღმოსავლეთის] რეგიონი, სადაც არის ახლა ეს სიტუაცია, გაერთიანებული საამიროები, ეს არის ნაწილობრივ თურქეთიც, ეს არის ევროპის ქვეყნებიც, თუმცაღა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ ჯერჯერობით თავშეკავებისკენ. იმისათვის, რომ არ იჩქარონ, არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... ევროპის მიმართულებაზე სადღაც 30%-იანი კლება იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მით უმეტეს იმ ტურისტული ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გარკვეულწილად ფინანსური ლიკვიდურობის პრობლემებიც გააჩნდათ ამ მომენტამდე და ახლა ეს რთული დღეებიც საკმაოდ მნიშვნელოვან ტვირთად დააწვათ მათ თავზე.
მეორე, ეს არის ფინანსური ნაწილი, უკვე ავიარეისების და ტურების ანაზღაურება და დაბრუნებები როგორ იქნება. ეს ჯერ კიდევ გაურკვეველი არის, რა პერიოდს მოიცავს, რა ნაწილი ბრუნდება, როდის დაუბრუნდება... რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს უკვე ახალი ტურების ორგანიზებაზე“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.