გუშინ ეკა ქევანიშვილის ძალიან კარგი წერილი მხვდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ სოციალურ ქსელში "კატო, ეფრო, მინადორა, ქრისტინე - როგორ იქცა ქუთაისი მამაცი ქალების ქალაქად“. და მეც სხვებივით მაჟრჟოლებდა ყოველი თვალის მოკვრაზე, რიდი მჭამდა ყოველ წუთს.. თითქოს უდროობაში გამომიჭირეს, თითქოს დავაკელი სიტყვა და ხელის გადასმა ძვირფას არსებებს. ჩემი მეგობარი ია იაშვილი წერდა ამ წერილში „მის კატოზე“ - ღრმა სუნთქვით ჩავიკითხე და გავბედნიერდი. მერე ჩემი მეგობარი ეკა ფხაკაძე იხსენებდა "სამოქალაქო თეატრის“ დაარსების მთავარ მიზეზს და მთავარ ქალს, ზუსტად ეკა ქევანიშვილის ბლოგის ფონზე .. და სული შემეკუმშა.. როგორ ჩავუარო ჩემს ეფროს უბრად, რომელიც თავხედურად ვასახიერე, ვამეტყველე ჩემი ხმით, ჩემი ცრემლის ნაწილად ვიტირე მის გლოვაში, ჩემი გრძნობები შევურიე მისას და ის წუთები, როცა „ქუთაისურ ისტორიებს“ ვდგამდით და ვთამაშობდით, საკუთარი სხეულიც ეფროს სხეულში, ცხოვრებაში, გონებაში, ცნობიერში და ქვეცნობიერში ვაბორიალე, მის დაუკითხავად, მისი სიყვარულით გაჟღენთილმა.
მე ეფრო ვითამაშე ჩვენს „არგოში“ , ჩემს მეგობრებთან ერთად. ეფრო ვერ დავთმე ვერავისთვის: ჩემად შექმნილი, ჩემი გულისცემასთან ჩახუტებული, ხელჩავლებული.. არც მანამდე და არც მერე, მსგავსი არაფერი მიკადრებია!
ეფრომდე მისი უმცროსი ბიჭი მიყვარდა გაგიჟებით - საბა კლდიაშვილი! დიდი მომავლის მეცნიერი, ებრაელ ხალხზე სხეულით გადაფარებული და ადამიანების სიცოცხლისთვის თავგანწირული! ამ სიყვარულით მივუახლოვდი მსოფლიო მოქალაქის, ნამდვილი გმირის დედას - ეფროს.
მე საბას გაცოცხლებაზე ვოცნებობდი და ქეთი მამუკელაშვილი ეფროზე მელაპარაკებოდა, ერთმანეთს სიტყვებს ვაცლიდით პირიდან. ვატოლებდით ჩვენს სიყვარულს.
სამოქალაქო თეატრის დაარსების "დედაც" ეფრო გამოდის, რადგან მასზე დაწერილმა სცენარმა გამაბედვინა ამ ნაბიჯის გადადგმა, მეგობრებისთვის გვერდით დგომის თხოვნაც და ჩვენი პირველი მხარდამჭერის "არგოს" აღმოჩენაც. ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა - უანგარობა, ენთუზიაზმი, საზოგადოებისგან სიყვარული, დიდი მოლოდინი და აღიარებაც.. თითქოს ზუსტად იმ გზას გავდიოდით, რაც ეფრომ და მისმა სცენისმოყვარე მეგობრებმა ერთად გაიარეს.
რა არის ის, რისთვისაც ეფროზე წერა დავიწყე ახლა? ალბათ, ბუნდოვანი, თუ ეგოცენტრული განაცხადი, რომ მასზე ცოტა მეტი ვიცი, რადგან მასში ცოტა მეტი მიცხოვრია. ხომ სასაცილოა, მაგრამ მართლა ასე ვგრძნობ.
პირველი სცენა მქონდა ძმასთან, მიშო ყიფიანთან ერთად, რომელსაც ხვიჩა ვაშაყმაძე ასრულებდა. მიშო, ყველამ იცით რა პატრიოტი ჰყავდა ეფროს, მისი სანუკვარი და საპატივცემულო, მოსაფრთხილებელი და მოსავლელიც, რადგან სწორედ ქუთაისში იყო აქტიური იმ დროს "ხალხოსნური" მოძრაობა და მიშო არალეგალურ სამუშაოს ეწეოდა თავგამოდებით. გადასახლებამდე, სწორედ ეფროს კალთას აფარებდა თავს და მისი დიდებული დაც გახალხოსნდა, იატაკქვეშა ცხოვრება ისწავლა, რეპერტუარი შეცვალა ამ იდეებით გარემოცულმა. ძმის სიცოცხლეს ეფოფინებოდა და რვა შვილს უვლიდა, ყველას საოცარს და განსაკუთრებულს - ნიჭით, საზოგადოებაში მათი მნიშვნელობით და მოღვაწეობით. თან თეატრისთვის არასდროს არაფერი მოუკლია. ყველაზე მეტად მეამაყება მისი ჩანაწერები შემოწირულობებზე - ღია და მკაფიო, ხალხის წინაშე მისი ვალდებულება თითოეულ დათვლილ და დახარჯულ კაპიკზე(მაშინ კაპიკი და მანეთი იყო), რეპუტაცია, რომელსაც ასე უფრთხილდებოდა.
მომწონდა, როცა ეფროს განცდით ვიცავდი მისი „მედეას“ დადგმას, ჟურნალისტთან პაექრობის საქმიან ტონს. ერთი სიტყვაც არ ჰქონდა უკადრისი. თან ვფიქრობდი, რვა შვილზე მზრუნველი დედა, რას განიცდიდა როცა ირჩევდა და მერე იცავდა მედეას, როცა უყვარდა ეს ზექალი მისი გამაგიჟებელი გრძნობით. ხელებს ვაფათურებდი ეფროს სტრიქონების ქვეშ, უსირცხვილოდ, რადგან მინდოდა მეპოვა მისი ნამდვილი იაზონი, "ჩემი ეფროს" საიდუმლოებები, რომელიც კიდევ უფრო მოუხელთებელს ხდიდა „ქუთაისური ისტორიების“ გმირს.
ამ ქალაქს აცოცხლებდნენ კი არა, ანათებდნენ ასეთი პიროვნებები. ეფროს ოჯახიდან გასული, თუ დარჩენილი ყველა წევრი, ერთნაირად დიდებულია და ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის საამაყო. როგორ ახერხებდა იმ უსახსრობაში, უფულობაში, უქმრობაშიც (როცა მეუღლე, გრიგოლ კლდიაშვილი, წლობით სვანეთში მსახურობდა, თუნდაც, ან მისი გარდაცვალების მერე), ყველა შვილისთვის მიეცა სანიმუშო განათლება და თან არ დაეთმო საზოგადოებრივი საქმე, სცენა, თეატრი, ერთმანეთზე უფრო ნიჭიერი მეგობრები, პუბლიცისტიკა.. ყველაფერში ნიჭიერი, დიდი დიმიტრი ყიფიანის ჯიშის, გაქუთაისელებული აღმოსავლეთის ქალი, მართალი და კლდესავით ძლიერი.
გითხარით, სულში ვუფათურებდითქო ხელს და სულ მიკვირს, რატომ არ ჩანს დებ ნიკოლაძეებთან ურთიერთობაში არასდროს, ხელთუფლიშვილებთან, მელანიასთან. ქალებთან, რომლებიც ასევე არიან ჩემი შთაგონების წყარო, იმ წლებში ასევე, ძალიან აქტიურები იყვნენ მისი თეატრალურ-საგანმანათლებლო მოღვაწეობით. მაქვს ეჭვები, როგორც ეფროს ერთ პატარა განმსახიერებელს, მისი თეატრალური სუნთქვის მოზიარეს.. როდისმე ამაზეც მოვყვებით „სამოქალაქო თეატრის“ სცენიდან! ესენი ხომ ქალები არიან, ჩვენთვის ნაცნობი ტკივილებით და შინაგანი პაექრობებით, აკაკისთან ურთიერთობის ექსკლუზიური სურვილებით, ადგილის დამკვიდრების გადანაწილებით და ეს ქალაქიც ხომ იგივე ქუთაისია, რაც დღეს და გუშინ იყო?
ეფროსინე კლდიაშვილს ქუთაისმა დიდხანს უნდა უხადოს მადლობა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ეს ქალაქი თეატრალური ქალაქია და ამაში მისი ლომის წვლილია და მერე იმიტომ, რომ პირველი მომღერალი ქალი მარიამ ძნელაძე-კლდიაშვილი მისი აღზრდილია! სიმონ კლდიაშვილი, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გრანდიოზული შენობა გამოუკვეთა, მისი აღზრდილია! საბა კლდიაშვილი, რომელმაც ქართველების ტოლერანტობას ძეგლი დაუდგა ოდესაში, მისი აღზრდილია! ლუარსაბ კლდიაშვილი, რომელმაც გაანათლა იმდროინდელი ქუთაისის ახალგაზრდობა, შეაყვარა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უთარგმნა აქაური ცხოვრება გერმანელებს, ფრანგებს, მარჯორი და ოლივერ უორდროპებს, მისი აღზრდილია! ნინო - ნუციკო კლდიაშვილი, რომელმაც ქარიზმატული და უსაშველოდ მართალი ვაჟკაცი ვანიკო აბაშიძე აჩუქა ქართულ თეატრს, მისი აღზრდილია! ვანიკო კლდიაშვილი, ერთ-ერთი პირველი ელექტრო-ინჟინერი, კონსტრუქტორ-გამომგენებელი, მანქანა-დანადგარების და ხელსაწყოების პროექტების ავტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თვალსაჩინო წევრი, მისი აღზრდილია! და ბოლოს, ანასტასია კლდიაშვილი - სათნო და ყველას დამტირებელი, რომელმაც ბევრი ეს ისტორია დაგვიწერა და დაგვიტოვა, მისი აღზრდილია!
იშვიათია ეფროსნაირი დედა და ქალი!
ამ წამს, როცა ბლოგს ვასრულებ, მგონია ისევ ეფროს სკამზე ვზივარ, ცრემლიანი თვალებით, გაუტეხელი, ცივი.. საბას საკვოიაჟი გამხმარ ხელებში მაქვს მოქცეული ჟინიანი ფერებით და ჩემს უკან საბა კლდიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდია, ქართული დროშით გადაჩრდილული..
და ჩემი ეფროს ხმა ამომდის მისი ნამდვილი სიტყვებით: "შენმა წერილმა სიცოცხლე მომიმატა, რადგან ჩემი აზრით, თითქოს მოგიახლოვდი...“
მიყვარხარ, ეფრო!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინი: ნიტა ხაჩიძე