ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სადაც მეწყერმა ათობით ოჯახი დააზარალა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.

მათი განმარტებით, მეწყერის გამომწვევ ძირითად მიზეზებს წარმოადგენს ტერიტორიის რთული მორფოლოგიური პირობები, გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის მეწყრული პროცესების განვითარებისათვის. ასევე, აღინიშნა ქანების ინტენსიური დანაწილება და მათი ჭარბი გაწყლოვანება, როგორც გრუნტის, ისე ზედაპირული წყლებით.

სპეციალისტების თქმით, პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰიდროგეოლოგიურმა პირობებმაც - დაფიქსირებულია როგორც ძველი, ასევე ახალი გრუნტის წყლების გამოსვლები. არ გამოირიცხება სეისმური ბიძგების და უხვი ნალექის გავლენაც.

შეხვედრა მოგვიანებით კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მოსახლეობის მხრიდან არაერთი შეკითხვა დაისვა.

მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქუთაისი–ტყიბულის დამაკავშირებელი გზის აღდგენაა, თუმცა გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ არსებული რისკებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების ჩატარება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

დაზიანების მასშტაბებთან დაკავშირებით, სტიქიის ზონაში არსებული 59 სახლიდან 20 სრულად დანგრეულია, 15 - დეფორმირებული, ხოლო დანარჩენი საცხოვრებლები შედარებით ნაკლებად არის დაზიანებული. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების შეფასებით, მეწყერის განმეორებითი გააქტიურების მაღალი რისკი რჩება და ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხო არ არის.

დაზარალებულებისთვის კომპენსაციის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. მათი ინფორმაციით, ისინი ეკომიგრანტის სტატუსს მიიღებენ, თუმცა კონკრეტული თანხების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები სოფლის ისტორიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სოფელი მე-19 საუკუნეში დაცარიელდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მსგავსი ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა.

იმერეთში, ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტის ღამეს დაიწყო. მეწყერის შედეგად დანგრეულია ათეულობით სახლი, დამეწყრილია სახნავ-სათესი მიწები და განადგურებულია კერძო ტექნიკა.