ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს 4 დაკავებული მაღაროელის მორიგი პროცესი გაიმართა.
როგორც ფეისბუკგვერდი "მაღაროელი" წერს, დაცვის მხარემ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დეტალურად დაასაბუთა მსჯავრდებულთა უდანაშაულობა.
"დღეს გაიმართა სააპელაციო სასამართლო პროცესი, სადაც სასამართლომ მოუსმინა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეს.
დაცვის მხარემ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დეტალურად დაასაბუთა მსჯავრდებულთა უდანაშაულობა. ხაზი გაესვა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიკერძოებულობას, ვინაიდან მოსამართლემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქმის მასალებიდან და ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ვითხოვთ ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას - გამამართლებელ განაჩენს 4-ვე მსჯავრდებულზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსამართლე გიორგი მარგველაშვილი უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ჯეროვნად აღსრულებას და ოთხივე მსჯავრდებულს ბრალდება სრულად მოეხსნება.
მომდევნო სასამართლო სხდომები ჩაინიშნა: 14 ივლისს, 10:00 საათზე; 21 ივლისს, 15:00 საათზე", - წერს ფეისბუკგვერდი "მაღაროელი".
ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიესაჯათ.