ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 25 თანამშრომელი უსამსახუროდ დარჩა.
როგორც სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი "ინფო იმერეთთან" აცხადებს, მიმართეს პრემიერს, მინისტრს, გუბერნატორს, თუმცა უსამსახუროდ დარჩენილი თანამშრომლების და მათი ოჯახების ბედზე არავინ საუბრობს.
"ჟვანიას სკოლა არა მარტო გადაიტანეს, 25 თანამშრომელი დარჩა ქუჩაში, ვისაც ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, კრედიტები ბანკში, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრები. შესთავაზეს თბილისში გადასვლა რაც შეუძლებელია, არც საცხოვრებელს აფინანსებენ, არც არაფერს. პირობებსაც კი არ ამბობენ სრულად. პარალელურად რეორგანიზაცია მიმდინარეობს და თუ გადავლენ თანამშრომლები შეიძლება მერე რეორგანიზაციით გაუშვან.
თანამშრომლებმა მიმართეს მინისტრს, პრემიერს, გუბერნატორს, თუმცა არავინ საუბრობს 25 კაცის ქუჩაში დატოვებაზე. ასე ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდა ყველა უსამსახუროდ. საუბარი 25 ოჯახზე და მათ უკან მყოფ უამრავ ადამიანზე", - აცხადებს ჟვანიას სკოლის თანამშრომელი "ინფო იმერეთთან".

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში 9 ოქტომბერს გადაიტანეს, თანამშრომლებს კი ამის შესახებ მხოლოდ 7 ოქტომბერს შეატყობინეს.
სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
მისი მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული რესურსის გაძლიერება და საჯარო სექტორში პროფესიული სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა.
ქუთაისელების თქმით, პარლამენტის, მთავრობის სახლის, სემეკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და კონტროლის პალატის შემდეგ, ქუთაისიდან თბილისში ეს უკანასკნელი რგოლიც გადაიტანეს.