ხერხემლის ოპერაცია დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშით მოცული ქირურგიული ჩარევაა. პაციენტები ხშირად გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, არამედ ახლობლის გამოცდილებით, სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაციითა და საზოგადოებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული მოსაზრებებით იღებენ:
"ხერხემალს ერთხელ თუ გაიკეთებ, მერე ოპერაციები აღარ დამთავრდება“, „თიაქარი მაინც თავიდან გამოვა“, „ოპერაციის შემდეგ სიმძიმეს ვეღარასოდეს ასწევ“, „თუ ტკივილს გაუძლებ, ოპერაცია არ დაგჭირდება“, „ხერხემალზე ოპერაციამ შეიძლება ინვალიდად დაგტოვოს“...
რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრებები რეალობას? როდის არის ოპერაცია ნამდვილად საჭირო და როდის - არა? ამ საკითხებზე ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს უჩა ბობოხიძეს ვესაუბრებით.
- ბატონო უჩა, დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული შიშით: „ხერხემალზე ოპერაცია არ გაიკეთო - შეიძლება ინვალიდი დარჩე“. რამდენად რეალურია ეს შიში?
- ხერხემლის ქირურგია მართლაც მაღალი პასუხისმგებლობის სფეროა, რადგან საქმე გვაქვს ნერვულ სტრუქტურებთან - ზურგის ტვინთან და ნერვულ ფესვებთან. შესაბამისად, როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, მასაც აქვს შესაძლო გართულებები. მაგრამ წარმოდგენა, რომ ხერხემლის ოპერაცია თავისთავად ინვალიდობის მაღალი რისკია, თანამედროვე მედიცინის რეალობას არ შეესაბამება. პირიქით, არსებობს მდგომარეობები, როდესაც ოპერაციის დროულად ჩატარების მიზანი სწორედ შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანებისა და ინვალიდობის თავიდან აცილებაა.
მთავარი საკითხია არა უბრალოდ „გავიკეთოთ თუ არა ოპერაცია“, არამედ — აქვს თუ არა კონკრეტულ პაციენტს მისი მკაფიო ჩვენება.
- ყველა დისკის თიაქარი ოპერაციას საჭიროებს?
- არა. და ეს აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ.
MRI-ზე დისკის თიაქრის აღმოჩენა ავტომატურად ოპერაციას არ ნიშნავს. ბევრ ადამიანს აქვს დისკის პროტრუზია ან თიაქარი, მაგრამ ქირურგიული მკურნალობა საერთოდ არ სჭირდება.
ჩვენ ვაფასებთ პაციენტის ჩივილებს, ნევროლოგიურ მდგომარეობას, ტკივილის ხასიათსა და ხანგრძლივობას, კუნთის ძალას და იმას, ემთხვევა თუ არა MRI-ზე ნანახი ცვლილება კლინიკურ სურათს.
ნეიროქირურგი MRI-ს არ მკურნალობს - ის მკურნალობს პაციენტს.
- მაშინ როდის ხდება ოპერაცია საჭირო?
- ერთია პაციენტი, რომელსაც მხოლოდ ტკივილი აქვს და სრულიად სხვაა პაციენტი, რომელსაც ნერვის ფუნქცია ერღვევა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრესირებადი კუნთოვანი სისუსტე - მაგალითად, როდესაც ადამიანს ტერფი ვეღარ ემორჩილება, უჭირს სიარული ან ნევროლოგიური დეფიციტი მატულობს.
განსაკუთრებული გადაუდებლობაა ე.წ. cauda equina-ს სინდრომი - როდესაც შეიძლება განვითარდეს შორისის მიდამოს მგრძნობელობის დარღვევა, შარდვის ან დეფეკაციის ფუნქციის მოშლა და ქვედა კიდურების სისუსტე.
ასეთ მდგომარეობაში პრინციპი - „ტკივილს გავუძლებ და დაველოდები“ - შესაძლოა, უკვე სახიფათო იყოს. ტკივილის ატანა შესაძლებელია, დაკარგული ნერვული ფუნქციის სრულად დაბრუნება კი ყოველთვის - არა.
- ამბობენ: „თუ ერთხელ გაიკეთე ხერხემლის ოპერაცია, რამდენიმე წელიწადში მეორე აუცილებლად დაგჭირდება“.
სიტყვა „აუცილებლად“ აქ არასწორია.
მაგალითად, დისკის თიაქრის ოპერაციისას ვათავისუფლებთ ნერვულ ფესვს კომპრესიისგან. ოპერაცია ადამიანს საშუალებას აძლევს დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ცხოვრებას, მაგრამ ის ვერ გააჩერებს ორგანიზმის დაბერებას და ხერხემალში მიმდინარე ყველა მომავალ დეგენერაციულ ცვლილებას.
წლების შემდეგ სხვა სეგმენტში ახალი პრობლემა რომ განვითარდეს, ეს არ ნიშნავს, რომ წლების წინ ჩატარებული ოპერაცია უშედეგო იყო.
- კიდევ უფრო ხშირად ამბობენ: „თიაქარი მაინც თავიდან ამოდის“. მართალია?
- რეციდიული დისკის თიაქარი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის ოპერაციის გარდაუვალი შედეგი არ არის.
აქ ერთი რამ უნდა ავხსნათ: დისკექტომიის დროს ქირურგის მიზანი მთელი მალთაშუა დისკის ამოღება არ არის. ძირითადად ხდება იმ ფრაგმენტის მოცილება და ნერვული სტრუქტურის დეკომპრესია, რომელიც სიმპტომებს იწვევს.
ოპერაციის შემდეგ დისკის ნაწილი რჩება და მასში არსებული დეგენერაციული პროცესი ერთ დღეში არ ქრება. გარკვეულ შემთხვევებში დარჩენილი დისკიდან შეიძლება ახალი ფრაგმენტი გამოვიდეს და კვლავ გამოიწვიოს ნერვის კომპრესია. ამას რეციდიულ თიაქარს ვუწოდებთ. მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ პირველი ოპერაცია ცუდად ჩატარდა და არც იმას, რომ რეციდივი აუცილებლად განვითარდება.
- თუ თიაქარი განმეორდა, ეს პაციენტის დაუდევრობის ბრალია?
- ასე კატეგორიულად თქმა არ შეიძლება. არსებობს ფაქტორები, რომელთა შეცვლაც პაციენტს შეუძლია - მოწევა, ჭარბი წონა, რეაბილიტაციის რეჟიმის უგულებელყოფა, მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან ნაადრევი დაბრუნება.
მაგრამ არსებობს ფაქტორებიც, რომლებზეც ადამიანს გავლენა პრაქტიკულად არ აქვს: დისკის დეგენერაციის ხარისხი, ანულუსის დეფექტის ზომა, ხერხემლის კონკრეტული სეგმენტის ბიომექანიკა, დისკის სიმაღლე და სხვა ანატომიური თავისებურებები.
ამიტომ არასწორია ყველა რეციდივის ახსნა ერთი ფრაზით - „სიმძიმე ასწია და ამიტომ დაემართა“.
პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას, მაგრამ რეციდივი დაავადების ცნობილი შესაძლო მიმდინარეობაა და არა აუცილებლად ვიღაცის შეცდომა.
- ოპერაციის შემდეგ ადამიანი ვეღარასოდეს აწევს სიმძიმეს და ვეღარ დაუბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას?
ესეც მითია. ოპერაციის შემდეგ არსებობს რეაბილიტაციის პერიოდი, როდესაც გარკვეული დატვირთვები იზღუდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური აქტივობის აკრძალვას.
პირიქით, ჩვენი მიზანია პაციენტი ეტაპობრივად დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას, სამსახურს და შესაბამის ფიზიკურ დატვირთვას.
როდის და რა ინტენსივობით - ეს უკვე დამოკიდებულია ოპერაციის სახეობაზე, პაციენტის მდგომარეობასა და რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე.
- ერთ-ერთი გართულება, რომლისაც პაციენტებს განსაკუთრებით ეშინიათ, დისციტია. რას ნიშნავს ეს?
პოსტოპერაციული დისციტი არის მალთაშუა დისკის სივრცეში განვითარებული ინფექციურ-ანთებითი პროცესი. ზოგჯერ ის შეიძლება გავრცელდეს მიმდებარე მალების ბოლო ფირფიტებზეც და ჩამოყალიბდეს სპონდილოდისციტი.
ეს ხშირი გართულება არ არის, მაგრამ მისი ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია.
მის განვითარებაში შეიძლება მონაწილეობდეს მრავალი ფაქტორი - პაციენტის იმუნური მდგომარეობა, დიაბეტი, სიმსუქნე, მოწევა, ოპერაციის თავისებურებები და სხვა რისკფაქტორები.
- თუ ოპერაციის შემდეგ დისციტი განვითარდა, ნიშნავს ეს, რომ ოპერაციის დროს სტერილობა დაირღვა?
- არა. ასეთი პირდაპირი დასკვნა სამედიცინო თვალსაზრისით არასწორია.
ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც კანისა და ქსოვილების ბუნებრივ ბარიერს არღვევს, ინფექციის გარკვეული რისკი ახლავს მაშინაც კი, როდესაც დაცულია ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესები და სწორად ტარდება ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა.
ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ პოსტოპერაციული გართულება და სამედიცინო შეცდომა. გართულების არსებობა თავისთავად შეცდომის მტკიცებულება არ არის.
ამავე დროს, ნებისმიერი ასეთი შემთხვევა აუცილებლად საჭიროებს მიზეზების შეფასებას და შესაბამის მკურნალობას.
- დისციტი შეიძლება თავად პაციენტის დაუდევრობამ გამოიწვიოს?
- აქაც იგივე პრინციპია - მიზეზი მხოლოდ ერთ ფაქტორზე არ უნდა დავიყვანოთ.
პაციენტმა უნდა დაიცვას ჭრილობის მოვლისა და რეაბილიტაციის რეკომენდაციები, აკონტროლოს დიაბეტი, თუ აქვს, და ექიმს დროულად აცნობოს ჭრილობიდან გამონადენის, ტემპერატურის ან ტკივილის გაძლიერების შესახებ.
მაგრამ დისციტი შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როდესაც პაციენტიც და სამედიცინო გუნდიც ყველა აუცილებელ რეკომენდაციას ასრულებენ.
- როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი ოპერაციის შემდეგ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის?
ყველა პოსტოპერაციული ტკივილი გართულებას არ ნიშნავს. თუმცა განსაკუთრებით ყურადღებას მოითხოვს ტკივილი, რომელიც გაუმჯობესების შემდეგ ხელახლა იწყება ან პროგრესულად ძლიერდება.
საყურადღებოა ასევე ცხელება, ჭრილობის სიწითლე ან გამონადენი, საერთო მდგომარეობის გაუარესება, ახალი დაბუჟება ან კუნთოვანი სისუსტე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფექცია ყოველთვის მაღალი სიცხით და ჭრილობიდან გამონადენით არ იწყება. ზოგჯერ მთავარი სიმპტომი სწორედ ძლიერი, მუდმივი ტკივილია.
ასეთ შემთხვევაში პაციენტმა თვითმკურნალობა კი არ უნდა დაიწყოს, არამედ დროულად მიმართოს ექიმს.
- და ბოლოს, რას ეტყოდით ადამიანს, რომელსაც ოპერაცია სჭირდება, მაგრამ სხვების ისტორიების გამო ეშინია?
- ხერხემლის ოპერაცია არც ყველა პრობლემის უნივერსალური გამოსავალია და არც ის საფრთხე, როგორადაც ზოგჯერ საზოგადოებაში წარმოუდგენიათ.
ოპერაციას აქვს ჩვენებები, აქვს რისკები და აქვს შესაძლო გართულებები. სწორედ ამიტომ კარგი ქირურგიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია არა მხოლოდ იმის ცოდნა, როგორ უნდა გაკეთდეს ოპერაცია, არამედ იმის ცოდნაც, ვის, როდის და რატომ სჭირდება ის.
პაციენტმა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ოპერაციის შემდეგ კარგი შედეგი ჰქონდა - ან იმიტომ, რომ ვიღაცას გართულება განუვითარდა.
ორი მსგავსი MRI შეიძლება ორ სრულიად განსხვავებულ პაციენტს ეკუთვნოდეს.
თანამედროვე ხერხემლის ქირურგიის მიზანი ოპერაცია ნებისმიერ ფასად არ არის. მიზანია - სწორი მკურნალობა სწორ პაციენტთან, სწორი ჩვენებით და სწორ დროს.