პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელი გარემოება იქნება.

კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი, სახელწოდებით: "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

ახალი მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც სისტემატურად და საჯაროდ განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

მოწოდება კანონმდებლობის მასობრივი დარღვევისკენ ან ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ;
ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდება;

საკუთარი თავის ან სხვისი თვითნებურად წარმოჩენა ხელისუფლების წარმომადგენლად;

ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებას და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
 
აღნიშნული ქმედებებისთვის კანონი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის: ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას (400-დან 600 საათამდე) ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

იურიდიული პირებისთვის: ჯარიმას ან ორგანიზაციის ლიკვიდაციას.

გარდა ახალი მუხლისა, ცვლილება შევიდა სასჯელის დანიშვნის ზოგად წესშიც. ამიერიდან, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული პატიმრობის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს კონკრეტული მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელს.

მაგალითად, თუ დანაშაული ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას, ზემოხსენებული მოტივის არსებობისას, პირს მინიმუმ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.