იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ რუბრიკა "პროფესიის" დღევანდელი სტუმარია მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქრისტინე სოფრომაძე.

სახელი, გვარი: ქრისტინე სოფრომაძე

პროფესია: მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

სამუშაო ადგილი: ქართულ ამერიკული კლინიკა რეპროარტი

- რა არის ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს საქმეში?

- ყველაზე სასიამოვნო და ემოციური მომენტი არის ის წამი, როდესაც წყვილის დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ ულტრაბგერით კვლევაზე პირველად მოვისმენთ ნაყოფის გულისცემას.

- რას გრძნობთ, როცა პაციენტი სასიხარულო ამბავს გიზიარებთ?

- როდესაც პაციენტი სასიხარულო ამბავს მიზიარებს, ვგრძნობ მადლიერებას, ამას ვიღებ როგორც დიდი ნდობის გამოხატულებას. ეს განცდა ჩემთვის ძლიერი მოტივაციის წყაროა, რომელიც ხელს მიწყობს პროფესიულ ზრდასა და საქმიანობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გაგრძელებაში.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიაში რა თვისებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?

 - ემპათია და მოთმინება. განსაკუთრებით რეპროდუქციული მედიცინა მხოლოდ ანალიზები და პროტოკოლები არ არის. იმ მოითხოვს პაციენტის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ნდობის მოპოვება და მუდმივ კომუნიკაციას მასთან.

- საქართველოში რა მთავარი პრობლემაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით?

- ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაგვიანებული მომართვიანობაა, ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრევენციის დაბალი კულტურა.

- რას ეტყოდით იმერელ წყვილებს, რომლებიც ექიმთან მისვლას აჭიანურებენ?

- დრო რეპროდუქციაში გადამწყვეტი ფაქტორია, თანამედროვე მედიცინას ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შედეგი ეფექტური და სწრაფია როცა დროული ჩარევა ხდება.

- რა გიყვართ ქუთაისში/ იმერეთში თქვენი საქმის კეთებაში?

- ჩემთვის ქუთაისი განსაკუთრებულია, რადგან ჩემი ოჯახის ყველა თაობა ქუთაისელია. ეს ქალაქი ჩემი ჩემი ისტორიაა და ადგილი, სადაც კუთვნილების ყველაზე ღრმა განცდა მაქვს.

ჩემს ქალაქში მუშაობა მაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნო ჩვენი კუთხის ქალბატონების და მომავალი დედების ჯანმრთელობაზე, ასევე საკუთარი, თუნდაც მცირე, წვლილი შევიტანო უშვილო წყვილების მხარდაჭერასა და მათთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებისა და პროფესიული კმაყოფილების წყაროა.