"ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა, რომლითაც ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს.

"პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ის. საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.

ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდის და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.