საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა იმერეთის 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია, - ამის შესახებ "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ ხაზზეა მთელი საქართველოს ელექტრომომარაგება დამოკიდებულია.

მებონია ვერ ამბობს, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ხაზის დაზიანება.

"ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი "იმერეთი", ვაერთებთ აგრეგატებს და აღდგება მალე.

ძირითადი დატვირთვა ენგური უკავშირდება ელექტრონულ სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა - რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ", - განაცხადა ენგურჰესის დირექტორმა "ტვ პირველთან".

საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია დღეს, 08:00 საათიდან შეწყდა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, რიგ აბონენტებს ელექტროენერგია აღუდგათ, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი კი უმოკლეს დროში დასრულდება.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები, რამაც ელექტროენერგიის სრულად გათიშვა გამოიწვია, ამ ეტაპზე არ იციან.