მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ. ამის შესახებ მთავრობამ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის შრომის სტიმულირების მნიშვნელოვან მექანიზმს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის წევრების, სახელმწიფო რწმუნებულების, მერების და მათ მოადგილეებისთვის, მსგავსი სახით თანხის აღება „მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია”. აღნიშნული ინიციატივით კი, ხელმძღვანელ პირებს ექნებათ საშუალება „სხვა თანამშრომლების მსგავსად, წაახალისონ მოადგილეების საქმიანობაც”

დოკუმენტის თანახმად, ცვლილებებით გათვალისწინებული პირთა წრეზეა დამოკიდებული „განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი” და ამიტომ ეს ფულადი ინიციატივა მათი შრომის „წახალისების მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება”.

ზემდგომი თანამდებობის პირმა მოადგილეს შესაძლოა, მისცეს ფულადი ჯილდო ან სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, „ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის”.

2024 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებიც მანამდე განეკუთვნებოდნენ საჯარო მოხელეთა კატეგორიას, განისაზღვრნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებადმ რამაც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გაზარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირთა რაოდენობა.

სწორედ ამიტომ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იზრდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირთა რიცხოვნობა. თუ აქამდე ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ოდენობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის არაუმეტეს 10% უნდა ყოფილიყო, ახლა 15%-მდე იზრდება. გამონაკლისია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებები.

კანონპროექტის ინიციატორის თანახმად, რადგანაც 2026 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოს გაცემა ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში მოხდება, თუმცა მომდევნო წლებში გაიზრდება ზემოხსენებული თანხის მიმღებთა წრე და (სახელმწიფო, ავტონომიური, მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტები დაიგეგმება არსებული საჭიროებების გათვალისწინებით.

2018 წელს ძალაში შევიდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა.

"კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა, წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო (პრემია) – წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით შემოიფარგლა. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა” – აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში.