4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 8 სექტემბრამდე გადაიდო.

მერაბ სარალიძის ადვოკატის მარიამ პატარიძის განცხადებით, მაღაროელები საბოლოო სიტყვით 8 სექტემბრის სხდომაზე ისარგებლებენ და შესაძლოა, განაჩენიც გამოცხადდეს.

"დღეს მოვისმინეთ პროკურორის დასკვნითი სიტყვა. სხდომა გადაიდო 8 სექტემბერს, 17:00 საათზე, სადაც მაღაროელები, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ისარგებლებს საბოლოო სიტყვით და შესაძლოა, მოსამართლემ გამოაცხადოს განაჩენიც.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, პროკურორის მიერ ნათქვამმა დასკვნითმა სიტყვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ განაჩენი არ არის დასაბუთებული. ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც დაეფუძნა განაჩენი.

რაც შეეხება მოლოდინს, ძალიან რთულია მოლოდინზე საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიესაჯათ.