ქუთაისსა და თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის გრიგოლ გოგოჩაშვილის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში.  ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი  მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა წარმოადგენდა.

გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა გოგოჩაშვილმა.