ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის N27-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა.
ადგილობრივებმა შემთხვევის ადგილიდან ფოტოები "ინფო იმერეთს“ მიაწოდეს და დახმარება სთხოვეს.
მოსახლეობის განცხადებით, ამჯერად სამშენებლო მასალის ჩამოცვენისას ტროტუარზე არავინ მოძრაობდა და ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საფრთხე ყოველდღიურია.
მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინაც მოხდა, რა დროსაც ჩამოცვენილმა ბათქაშმა ავტომობილის საქარე მინა ჩაამსხვრია.

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ დახმარების თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას წლებია მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.
"რამდენიმე წელია, უშედეგოდ დავდივართ მერიაში. ვითხოვთ ბინის ფასადის რეაბილიტაციას და ასევე გადახურვას - ზამთარში სადარბაზოში, ბოლო სართულზე წვიმს, ხოლო ფასადი მუდმივად ცვივა. დღეს, სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ჩამოიშალა ბათქაში, კიდევ კარგი ვინმე არ შეიწირა“, - აცხადებენ კორპუსის მცხოვრებლები.
მოსახლეობა იმედოვნებს, რომ საკითხის მედიაში გაშუქების შემდეგ, ქუთაისის მერია პრობლემით დაინტერესდება და ავარიული ფასადის რეაბილიტაციისთვის შესაბამის ზომებს დროულად მიიღებს.