განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა, ქუთაისსა და წყალტუბოში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 329 შეკვრა „მეთადონი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.