ქუთაისში ერთი მამაკაცის მკვლელობის და ორი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და ორი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი.

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული კ.მ. ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 დეკემბერს დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 30 ნოემბერს, ღამით, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით დაჭრა სამი პირი, მათგან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.