ქუთაისის რაიონულ სასამართლოში შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული მაღაროელების პროცესი გაიმართა.
დღეს, 12 იანვარს, პროცესზე გიორგი ნეფარიძის და მერაბ სარალიძის საბოლოო სიტყვებს მოუსმინეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.
"მე არავის პატიმრობა არ გამიხარდება, მე არ მინდა ვინმეს ცოლ-შვილმა იგივე გაიაროს, რაც ჩემმა ცოლ-შვილმა. მაგრამ, მათ ხომ რეალურად ძალიან კარგად იციან, რა გაჭირვებას გადის ჩემი ოჯახი და მიუხედავად ამისა, ერთი არ შეუწუხებიათ სინდისი და ერთი სიტყვა სიმართლე არ უთქვამთ აქ [სასამართლოში].
როდესაც ჩვენ დაგვიჭირეს, ჩვენ ხომ დაგროვილი ხელფასი ასაღები გვქონდა, დაურიცხეს მაღაროელების ნაწილს, მაგრამ ჩემთვის არ დაურიცხავთ და არ დაურიცხავთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღემდე კომპანიას უსამართლობაზე თავს არ უხრიან. მათი [კომპანიის] დანაშაული დანაშაული არ არის?...
როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთო, ჩვენ პრემიერს არაერთხელ მივმართეთ, ჯერ წერილობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლით, შემდეგ საჯაროდ და ღიად ვსაუბრობდით და გულწრფელად ვთხოვდით, რომ ჩარეულიყვნენ ამ სიტუაციაში და ნუ დატოვებდნენ ხალხს კომპანიასთან პირისპირ. იმ კომპანიასთან, რომელსაც არ ადარდებს ადამიანების ბედი და მისთვის ყველა უკანონობა არის კანონიერი როცა სჭირდება და აწყობს.
არავინ თავი არ შეიწუხა, არავინ ჩვენ არ მოგვისმინა და დაახლოებით 2 თვის წინ პრემიერმა პარლამენტში ჩვენთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა - 6 კაცია დაჭერილი, დამნაშავეები არიან და მოიხდიან სასჯელსო. ახლა მე მაინტერესებს, რომელ 6 კაცზეა საუბარი? აქ ოთხნი ვსედვართ...
ძალიან ბევრი დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური განცხადება გაუკეთებიათ ჩვენთან მიმართებით და აღარც მაწუხებს, შევეჩვიე უკვე, მაგრამ როდესაც ქვეყნის პირველი პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, ალბათ, პრემიერს ჩვენზე კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ჯერ ბრალდებულები ვართ და არა მსჯავრდებულები.
არასოდეს არავინ თავი რომ არ შეიწუხა და ამ ხალხის [ჭიათურელების] პრობლემები არ მოისმინა და სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი რომ ასეთ განცხადებას აკეთებს, ჯერ გულდასაწყვეტია და მერე კიდევ, რისი მოლოდინი უნდა მქონდეს? უბრალო ადამიანის სიტყვას არც კი მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი როდესაც აანონსებს, რომ პატიმრობაში უნდა ვიყოთ, ეს ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ სასამართლოზე ზეწოლას ახდენს და როგორც ჩანს, მთელი პოლიტიკური ელიტაა ჩართული ამ ყველაფერში, რომ ეს უსამართლობა თავს მოგვახვიონ, მაგრამ ღმერთი სამართლიანია და სამართალი ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს“, - განაცხადა მერაბ სარალიძემ.
"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 ნოემბერს, „ოცნების“ პარლამენტში დაკავებული მაღაროელების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა: "რაც შეეხება კონკრეტულ ექვს პიროვნებას, ეს არის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანები ძალადობენ, კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობ არა მარტო სამართალდამცველებზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, როცა უხეშად, კრიმინალური ფორმებით ძალადობენ საკუთარ კოლეგებზე, იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას. ბუნებრივია, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი. როდესაც ადამიანები არა მარტო სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ, მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს“.
ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.