9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დღე პირველ არხზე", რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელშიც "სიმღერის აკადემიის" შემსრულებლები იყვნენ მიწვეული, ანსამბლის ზრდასრულ წევრებთან ერთად სიმღერის დროს 10 წლის ანკა მოწყვეტით დაეცა.

ბავშვის დაცემის კადრი პირდაპირ ეთერში შეუმჩნეველია, ჩანს მხოლოდ ანსამბლის წევრი რამდენიმე ბავშვის რეაქცია - ისინი ქვემოთ იყურებიან, თუმცა ყველა აგრძელებს სიმღერას. ანკას ვარდნა სიმღერის დაწყებიდან 50-ე წამზე ჩანს ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი იღებდა თავისი ტელეფონით.

"ვინც მიცნობთ, ყველამ იცით, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. შეიძლება ყველაფერი მოვითმინო და ავიტანო, მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში ჩემი თმენის ზღვარი ნულის ტოლია", - ასე იწყება სოციალურ ქსელში ანკას ბებიის ნინო კუხელიშვილის პოსტი, რომელსაც ვიდეოც ერთვის და ფართო საზოგადოებრივი რეაქცია მოყა.

მოგვიანებით მან დაწერა, რომ ბავშვი კარგადაა, თითები აქვს ნატკენი დაცემისას, მაგრამ მომხდარი იყო "მძიმე გაკვეთილი" ყველასთვის და "გულგრილობის მაგალითი".

როგორც ბავშვის დედა თამარ აკობია უყვება რადიო თავისუფლებას, ეთერის დროს ის სტუდიაში არ იმყოფებოდა, ბავშვები უკვე გადაცემიდან გამოდიოდნენ, როდესაც ტელევიზიასთან მივიდა. "ძლივს დავაპარკინგე მანქანა და შემაგვიანდა მისვლა", - ამბობს თამარ აკობია. ტელევიზიასთან მისულმა ანსამბლის წევრი ბავშვის მშობლისგან და ერთ-ერთი ბავშვისგან შეიტყო, რომ ჩაწერისას ანკა ცუდად გახდა.

"გუნდის წევრი ბავშვი ტირილით, კანკალით მოვიდა, რა ხდება, რატომ ტირი-მეთქი და ანკა ცუდად გახდაო და ძალიან ვინერვიულეო, ბავშვი კანკალებდა, ისეთ მდგომარეობაში მოუწია სიმღერა, ანუ წაქცეულ ბავშვზე მოუწია სიმღერა გაღიმებულს. კანკალებდა, რომ ვერ მიეხმარა, არ მიეცა იმის საშუალება, რომ დახმარებოდა თავის მეგობარს და ამის გამო ტიროდა.

მერე მითხრეს, რომ შეუძლოდ გახდა ანკა და ახლა კარგად არისო. ვხედავ მშობლებს მოჰყავთ, წყალი უჭირავს ხელში, გაფითრებული, შეშინებული თვალებით იყურებოდა. რა მოხდა-მეთქი და მშობლებმა მითხრეს გული წასვლიაო, ჩაკეცილაო. ახლა ჩვეულებრივ, ნორმალურად არისო, მივეფერე, არ შეგეშინდეს მეთქი, რას წარმოვიდგენდი თურმე რა მომხდარა", - ეუბნება თამარ აკობია რადიო თავისუფლებას.

მან მოგვიანებით ნახა ვიდეო, რომელიც ჩანს ანკას ვარდნის მომენტი და რომ ამის შემდეგ სიმღერის დასრულებამდე, დაახლოებით, სამი წუთის განმავლობაში, ბავშვი აღარ ჩანს. პირდაპირ ეთერში სიმღერა გრძელდება, ის გაოცებას ვერ მალავს მისი შვილის მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო, რომ არც სიმღერა შეწყდა და არაც არავინ მიეხმარა.

"მარტო დატოვეს ბავშვი თავის გასაჭირთან. თავისით მოვიდა გონზე, გაბრუებული და შეშინებული, ალბათ ბავშვი ვერც მიხვდა რა მოუვიდა. გულწასული ადამიანი ვერ ხვდება რა მოუვიდა. გარკვეული დრო სჭირდება, რომ გაიაზროს ეს ყველაფერი და აი ამ შიშებთან და ამ თავის გასაჭირთან მარტო დამიტოვეს ბავშვი. არავინ, ხელი არ შეაშველა, სიტყვა არ შეაშველეს, რომ ანკა, ნუ გეშინია, არაფერია, აგერ ვართ, უბრალოდ ცუდად გახდი, გული წაგივიდა. აი ეს სიტყვა არ უთხრა არავინ".

ვიდეო, სადაც კარგად ჩანს როგორ ეცემა ანკა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ანსამბლის წევრი მოზარდის მშობელმა გადაიღო, როგორც თამარ აკობია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის ანსამბლის წევრებმა მიაწოდეს, ამასვე ადასტურებს "სიმღერის აკადემიის" თანადამფუძნებელი და მომღერალი ლევან ქუთათელაძე, რომელიც ბავშვების გუნდთან ერთად, სამ სხვა მომღერალთან ერთად ასრულებდა სიმღერას "შენთან არის ჩემი გული".

ქუთათელაძის თქმით, სიმღერის დროს ბავშვის ვარდნა არ შეუნიშნავთ, რაღაც ხმა გაიგონეს და ბავშვების რეაქციით მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა.

"სიმღერის დროს, ჩვენ ისეთ რაკურსში ვდგავართ, რომ ბავშვებს ვერ ვხედავთ, გვერდზე გვიდგანან ბავშვები, რაღაც ხმა გვესმის. მაგრამ ხმა რისია ვერ ვხვდებით, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ, ვიხედებით ბავშვისკენ და ბავშვების რეაქციით მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. მაგრამ რა მოხდა იქ ბავშვის ფეხის დაცდენა იყო, წაქცევა იყო თუ რისი ხმა იყო, ამას ჩვენ იმ მომენტში ვერ ვხვდებით, მაგრამ რასაც ვაფიქსირებთ არის ის, რომ ბავშვები იყურებიან ქვევით და მივხვდი, რომ რადგან ქვევით იყურებიან, ესე იგი რომელიღაც ბავშვს პრობლემა აქვს, მაგრამ მერე დავინახეთ, რომ ბავშვი იჯდა, ასევე ვთქვათ, ჩამჯდარი იყო და მივხვდი, რომ ბავშვმა შეუძლოდ იგრძნო თავი და ჩაჯდა. როგორც კი დამთავრდა სიმღერა მივედით ბავშვთან, მოვიკითხეთ, უკვე ნორმალურად იყო", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ქუთათელაძე.

რომლის თანახმად, უკვე ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ, სადაც საერთო ფოტოებიც გადაიღეს გუნდის წევრ ბავშვებთან ერთად, ერთ-ერთ მშობელმა თავისი გადაღებული ვიდეო გაუზიარა.

"ეს ვიდეო რომ ვნახე, გავგიჟდი, იმიტომ რომ კადრი, რაც ვნახე, რომ ბავშვი ასე მოწყვეტით ეცემა, საშინელი შესახედი იყო და ეგრევე დავავალე ჩვენს ადმინისტრატორს, რომ გადაეგზავნა მშობლებლთან, რომ ასეთი დაცემის შემდეგ შეიძლება ბავშვს თავი დაერტყა, ან რაიმე დაზიანება მიეღო და ექიმისთვის ეჩვენებინა".

"რომ დაგვენახა ბავშვი უგონოდ იყო, ძირს ეგდო, ყველას რეაქცია ექნებოდა, ატყდებოდა პანიკა. მშობლემა რომელიც ვიდეოს იღებდა, მანაც ვერ შემჩნია ვარდნის მომენტი, მონიტრორს უყურებდა გადაღების დროს, მოგვიანებით თავისივე გადაღებული ვიდეოში აღმოაჩინა მომხდარი და გამოგვიგზავნა", - ამბობს ლევან ქუთათელაძე.

გადაცემის წამყვანი ლიზა ბაგრატიონი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მომხდარი არავის დაუნახავს, არც მას და არც სტუდიაში მყოფი გადამღები ჯგუფის წევრებს და არც ბავშვების მშობლებს.

"მე და ოპერატორები ყველანი გაოცებულები ვიყავით, ეგ როგორ მოხდა, ამდენი ბავშვი რომ იყო ალბათ, მაგიტომაც ვერ დავინახეთ. ალბათ, სხვა მშობლებმაც ვერ დაინახეს, იმიტომ, რომ იქ პანიკა არ ყოფილა, არანაირი გართულება ეთერში არ ყოფილა, მერე უკვე ამ დანარჩენმა ბავშვებმა, რომ თქვეს, იჯდა ეს გოგო წყნარად, მოვედით და მოვიკითხეთ როგორ ხარო და კარგად, კარგადო და ფოტოებიც გადავიღეთ მერე ერთად. ამიტომ ჩვენ არ მივაქციეთ ასე ყურადღება.... ის რაც ამწუთას ხდება ცოტა გამიკვირდა, იმიტომ, რომ არავის არ დაგვინახავს" - ამბობს ლიზა ბაგრატიონი,.

10 წლის ანკას ოჯახის და საზოგადოების რეაქციის პასუხად, რომ ეს იყო გულგრილობა ლიზა ბაგრატიონი პასუხობს, რომ "როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი გულგრილი იყოს, კარგით, ერთი ვართ გულგრილი. ცუდი ადამიანი, ორი, სამი, ხუთი, ათი ოცი? კარგით რა?! ოპერატორებიც ამბობდნენ როგორ ვერ დავინახეთო, ბევრი ბავშვი იყო და ვერ მოხდა იმწუთას დაფიქსირება ამ ბავშვის გადმოვარდის", - ამბობს გადაცემის წამყვანი.

მოგვიანებით მომხდარის გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელი, არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია - "პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც".

არხის თანახმად, კომუნიკაცია ჰქონდათ როგორც არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან.

სოციალურ ქსელში ორი განცხადებით გამოეხმაურა მომხდარს "სიმღერის აკადემიაც", პირველ განცხადებაში ეწერა, რომ მათთვის "მიუღებელია ნებისმიერი სახის გულგრილობა" საზოგადოებას მოუწოდებდნენ არ აჰყოლოდნენ "არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე ჩვენი გუნდის ემოციურ მდგომარეობას".

მეორე განცხადებაში კი ნათქვამია, რომ "გრძელდება სრულიად ანგარიშმიუცემელი აგრესია, რაშიც აიყოლიეს საზოგადოებაც".

"წავშალეთ უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი და ზოგიერთ პოსტზე კომენტარებიც გავთიშეთ, რადგან არ გვინდა ბავშვებმა ყველაფერი წაიკითხონ, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარ ავუდივართ - შეუძლებელია თქვენი ამხელა ნეგატივის გაქრობა და განულება - შეუძლებელია თქვენი აგრესიისაგან ბავშვების დაცვა", - წერია განცხადებაში.

10 წლის ანკას დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, პირველი რასაც გააკეთებს, ბავშვის სრული სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, იმ ანსამბლთან შეწყვეტს ურთიერთობას, სადაც ანკა 2 წელი დადიოდა.

"ჩემს შვილს ყველაზე მეტად რა დრო რომ სჭირდება დახმარება, ისეთ დროს, რომ არ დაეხმარა არავინ და როგორ ვენდო ასეთ ხალხს, ნდობა მაქვს დაკარგული და გაციებული მათ მიმართ. ანუ მე ამ სცენას რაც ვუყურე ვიდეოში, აი ჩვეულებრივ ჩემი შვილის მკვლელობას ვუყურე, ანუ ჩემთვის ეს შეგრძნება იყო, ზუსტად ეს შეგრძნება იყო... იქნებ რა დახმარება სჭირდებოდა? იქნებ რა დაარტყა?, იქნებ წამოჯდომაც არ შეიძლებოდა მისთვის იმწუთას?, ამას არავინ მიაქცია ყურადღება", - ეუბნება თამარ აკობია რადიო თავისუფლებას.