ანაკლიაში გაკეთებული Megobari Act-ის მხარდამჭერი გეოგლიფის გამო აქტივისტები გარემოს დაცვის სამსახურმა ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.
გარემოს დაცვის სამსახური პერფორმანსის ავტორებს ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში ადანაშაულებს.
მეგობარი აქტის წარწერის ავტორები ამბობენ, რომ ისინი გარემოს დაცვის სამსახურში მისვლას არ აპირებენ. მათი ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში განუმარტეს, რომ ტერიტორიაზე, რომელიც აუთვისებელი და დაუსახლებელია, თეთრი სამყურა დათესეს.
"გუშინ დამირეკეს გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან, მითხრეს რომ მივსულიყავი ახსნა-განმარტებისთვის, მე არ ვაპირებ რომ მივიდე, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში მინდორზე რომ გავიარო, ამისთვის ახსნა-განმარტებას არავის მივცემ. ნაყოფიერ ფენას შევეხეთ, არაფერი დაგვიზიანებია ეს ვიცი ზუსტად. გარემოს დაცვის სააგენტომ სკვერის ნახევარი გაჩეხა და იქ ოფისი ააშენა. არაფერს გამოვრიცხავ, ვიცი რომ დაავალეს, ეს საქმე ეწარმოებინათ. უნდათ, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს. ეს უსამართლო სასამართლო ალბათ დაგვაჯარიმებს", - აცხადებს აქტივისტი.