"პროფესია" - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ ახალი რუბრიკაა.

ყოველ კვირას შეგახსენებთ იმერეთში მცხოვრებ პროფესიონალებს - ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით და  საქმის მიმართ სიყვარულით ქმნიან იმერეთის ისტორიას, თითოეული თავის სფეროში.

პირველ სტუმრად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელმაც იმერეთის ჟურნალისტიკის ისტორიაში თავისი სათქმელი დიდი ხანია, თქვა და ამ დრომდე აგრძელებს საყვარელ საქმეს.

სახელი, გვარი: ნანული ცხვედიანი.

პროფესია: ჟურნალისტი. 

სამუშაო ადგილი: 35-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ, ამჟამად ვმუშაობ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოგრაფად (ვიკვლევთ ძველ ქუთაისურ პრესას, გამოვცემთ ბიბლიოგრაფიული  საძიებლების ტომეულებს). ვთანამშრომლობ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან, მათ შორის - ინტერნეტჟურნალ „ქუთაისთან".

- რა არის ყველაზე რთული ან ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს საქმეში?

- ჟურნალისტისათვის, ალბათ, ყველაზე რთულია, როგორმე არ იქცე დაინტერესებულ მხარედ. ყველაზე სასიამოვნო კი ის მომენტია, როცა ბეწვის ხიდზე გაივლი და პირნათლად დადებ მიუკერძოებელ, დაბალანსებულ,  საზოგადოებისთვის სასარგებლო ინფორმაციას.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიაში რა თვისებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ჟურნალისტისათვის  ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ  თვისებად პატიოსნება მიმაჩნია.

- რა გიყვართ ქუთაისში/ იმერეთში თქვენი საქმის კეთებაში?

- ჩემს  პროფესიაში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი არამარტო ოპერატიულ ყოველდღიურ ცნობებს გადმოსცემს მკითხველის თუ მაყურებლისათვის, ამავე დროს, მისგან დამოუკიდებლად, თავისი ქალაქის/მხარის შეუდარებელი  მემატიანეც ხდება. მკვლევრები მეტწილად სწორედ პრესისა და რადიო-ტელევიზიის მასალებს ეყრდნობიან, როცა ამა თუ იმ თემისა და საზოგადოებრივი ისტორიის შესწავლას იწყებენ. შეიძლება, სხვადასხვა დროს მემატიანის როლზე არც კი უფიქრია, ვთქვათ, გაზეთ "ინდუსტრიული ქუთაისის“, "სტალინელის“, „ქუთაისის“ ჟურნალისტს, რადიოსა თუ ტელევიზიის რეპორტიორს, როცა ოპერატიულად აშუქებდა: რიონჰესის გაშვებას, საბაგირო გზის, ხიდების, მოედნების მშენებლობას, პირველი ავტომობილის კონვეიერიდან ჩამოსვლას, ბერძენიშვილის მემორიალის გახსნას, პედაგოგიური ინსტიტუტის უნივერსიტეტად გარდაქმნას, თეატრში ახალი სპექტაკლების  დადგმას, სპორტის სიახლეებს, ბულვარში ლენინის ძეგლის ჩამოგდებას  და ა.შ. ის ხომ,  უბრალოდ, კეთილსინდისიერად აწვდიდა საზოგადოებას ყოველ ახალ ინფორმაციას. მაგრამ გავიდა წლები და... აბა, ახლა ჰკითხეთ მკვლევრებს, მეცნიერებს, როგორ ეხმარება მათ ამ ძველ მასალებში თანმიმდევრულად მოხსენიებული ფაქტები, თარიღები, გვარ-სახელები, ტოპონიმიკა, თემატიკა... თავის დროზე ეს ჟურნალისტური პროდუქცია რომ არ შექმნილიყო,  დღეს რამდენი რამ არ გვეცოდინებოდა! ან დაზუსტება გაგვიჭირდებოდა! აი, სწორედ ეს მიყვარს ჩემს პროფესიაში - განსჯისთვის მიწოდებული ოპერატიული „ნიუსი“ და ისტორიის შესაკვრელად დაგროვილი დიდძალი "ოქროს“ მასალა! ამგვარი  სიყვარულის საფუძველზე შეიქმნა ჩემი რამდენიმე პუბლიცისტური წიგნიც, მათ შორის - "გახსოვს, ქუთაისო?“.