"პროფესია" - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ ახალი რუბრიკაა.

ყოველ კვირას გახსენებთ იმერეთში მცხოვრებ პროფესიონალებს - ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით და საქმის მიმართ სიყვარულით ქმნიან იმერეთის ისტორიას, თითოეული თავის სფეროში.

რუბრიკის მორიგი სტუმარი იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც სცენასა და აუდიტორიას შორის განსაკუთრებულ ენერგიას ქმნის.

სახელი, გვარი: ინდირა ჯგერნაია 

პროფესია: მუსიკოსი, მომღერალი, ვოკალისტი.

სამუშაო ადგილი: ჩემი მთავარი ადგილი დღეს ჩემი საკუთარი სტუდიაა — „ინდოსტუდიო“ (Indostudio), რომელიც 4 წლის წინ შევქმენი. აქ ყოველდღე ვიზრდები ჩემს მოსწავლეებთან ერთად.

ასევე ვმღერი ჩემს ბენდთან "New Vision“, რომელთან ერთადაც მიწვევით ვმონაწილეობ სხვადასხვა კონცერტებსა და კორპორატიულ ღონისძიებებში.

- რა არის ყველაზე რთული ან ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს საქმეში?

- ჩემს პროფესიაში ყველაზე რთულია, მუდამ ფორმაში იყო ემოციურადაც, ფიზიკურადაც და შემოქმედებითადაც.
სცენაზე მხოლოდ ხმა არ გადმოსცემს შენს მდგომარეობას, იქ მთლიანად უნდა გეძლეოდეს ენერგია. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, როცა ეს ენერგია მაყურებლისგან გიბრუნდება. როცა ხედავ, რომ შენი ხმა, ტექსტი და ემოცია ვიღაცის გულს ეხება, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა.

- თქვენი აზრით, რა თვისებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროფესიაში?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობაა. სცენაზე ვერ მოიტყუები, მაყურებელი ყოველთვის გრძნობს, მართალი ხარ თუ არა. როცა გულწრფელობა შრომასთან ერთად მოდის, იქ იბადება ნამდვილი ხელოვნება, რომელიც ადამიანებს დიდხანს ახსოვთ.

- რა გიყვართ ქუთაისში/იმერეთში თქვენი საქმის კეთებაში?

- მიყვარს ის, რომ ქუთაისში ყველაფერი გულით კეთდება.

ქუთაისელებს ნამდვილი ემოცია აქვთ - სიხარული, ტკივილი, სიყვარული… როცა მღერი იმერეთში, გრძნობ როგორ გისმენენ, როგორ გგრძნობენ. ეს გულწრფელობა მაძლევს ძალას და შთაგონებას. ქუთაისი ჩემთვის მხოლოდ ქალაქი არაა, ეს არის ადგილი, სადაც სცენაზეც და ცხოვრებაშიც ყოველთვის საკუთარ თავად ვრჩები.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულწრფელად იზიარებს ჩემს მუსიკას და ენერგიას. მე ვმღერი მათთვის, ვინც სიჩუმეშიც ისმენს გულით ნათქვამ სიტყვას.

მჯერა, რომ როცა სიყვარულით აკეთებ საქმეს, გზაც თვითონ გპოულობს, ეს გზა რთულია, მაგრამ საოცრად ლამაზი.