"პროფესია" - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ რუბრიკაა.

ყოველ კვირას გახსენებთ  პროფესიონალებს - ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით და საქმის მიმართ სიყვარულით ქმნიან  ისტორიას, თითოეული თავის სფეროში.

დღეს რუბრიკის სტუმარია ადამიანი, რომელმაც პროფესიულ ცხოვრება დაუკავშირა ქალთა უფლებების დაცვას, შერიგების პროცესზე მუშაობას და რეგიონული თემების გაძლიერებას.

სახელი, გვარი: ეკატერინე გამახარია

პროფესია: ადამიანის უფლებათა სამართლის მცოდნე

სამუშაო ადგილი: ქალთა ფონდი „სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

- რა არის ყველაზე რთული ან ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს საქმეში?

- სასიამოვნოა, როცა მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან შორს ხარ, შენი საქმე კვლავ აფხაზეთს უკავშირდება. როცა დევნილი ქალების  ინტერესებს იცავ, პარალელურად, კი ცხოვრების მიზნად ომით დაშორებულ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენასა და შერიგებას აქცევ, ეს გაძლევს განცდას, რომ შენს კუთხეს ემსახურები და მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი ხარ ქვეყნის მომავლისთვის. რთულია, როცა საჭიროებები მეტია, ვიდრე რესურსი და საკითხები, რომელზეც მუშაობ, არ წარმოადგენს პოლიტიკურ პრიორიტეტს.

- თქვენს პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება?

- საქმისადმი და იდეისადმი ერთგულება, პრინციპულობა, თანმიმდევრულობა და მოთმინება, და რაც არ უნდა იმედგაცრუებასა და სირთულეს წააწყდე - უნარი, არ დანებდე.

- რა გიყვართ ქუთაისში/იმერეთში თქვენი საქმის კეთებაში?

- მიყვარს, როცა ქალთა ინტერესებს ვიცავ, ვუსმენ, ვისიგრძეგანებ მათ ისტორიებს და ხშირად მათ ჩაკარგულ ხმას, პოლიტიკურ დოკუმენტებად, რეკომენდაციად ან უბრალოდ მძლავრ  გზავნილებად ვაქცევ. ქუთაისმა შემახვედრა და საქმეში თანამოაზრეებად გამიხადა შემოქმედი, ინტელექტუალური, პრინციპული, ძლიერი ღერძის და სუფთა გულის ადამიანები - ქალაქის კოლორიტები, რომლებმაც ქუთაისის საოცარი წახნაგები გამაცნეს. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა ფუფუნებაა და შესაძლოა, ყველას არც  ხვდეს წილად - მე ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა...