საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება მკვეთრად გაიზარდა - "ღორის გრიპის“ პარალელურად ქვეყანაში A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

ბოლო კვირებში სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პაციენტებს უმეტესად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, ასევე მადის დაქვეითება.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ისინი ასევე დამცავ მექანიზმად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებენ.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 65% შემთხვევების, როდესაც ლაბორატორიული დადასტურება მოხერხდა, არის სწორედ H3N2 გრიპის ვირუსი, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი. შემთხვევათა 2%-ში ეს არის H1 ტიპის ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ღორის გრიპის ვირუსი. შემთხვევების 70 % ეს არის გრიპი, რაც აისახება კიდეც მიმართვიანობაში. მოსახლეობის რა ფენა მიეკუთვნება გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს: ეს არის 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მედიკოსები აღნიშნული ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებენ.

"ძალიან კონტაგიოზურია ეს ბოლო, წელს რაც ცირკულირებს ეს A ტიპის გრიპის ვირუსი და ამიტომ კლასებში, სკოლებში და ბაღებში ძალიან სწრაფად ხდება გადადება. რაც მთავარია, იმ პერიოდში, როდესაც ბავშვს უკვე აქვს ცხელება და კატარული მოვლენები, იწყება ზოგადი სისუსტე, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი. მოზრდილი ბავშვები ამ ყველაფერს გვეუბნებიან, პატარები მხოლოდ ტირიან, უმადობა აქვთ და ცხელება. ცხელება არის შეუპოვარი და სასურველია, რომ რაც უფრო მცირე ასაკის არის, მით უფრო სწრაფად მიმართონ ექიმს, იმიტომ, რომ ეს ის ვირუსია, რომლის დროსაც, თუ არის რისკჯგუფი და ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, დროს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ სადღაც 48 საათის განმავლობაში თუ ჩვენ ვიცით, რომ A ტიპის ვირუსია, მაშინ კლინიკაში თუ წვება და ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა, ეს ის დროა, როცა უნდა დავიწყოთ", - აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

ექიმების ვარაუდით, აღნიშნული ვირუსი გვიან გაზაფხულამდე გასტანს.