“ქართულმა ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა”, – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია განაგრძობს ცენზორის როლის შესრულებას. 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ – ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ და ორმა კომისიონერმა – ივანე მახარაძემ და ანი ვაზაგაშვილმა. დანარჩენი ორი კომისიონერი – ნათია კუკულაძე და ეკატერინე იმედაძე სხდომას არ ესწრებოდნენ. საერთო ჯამში, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცნობით, ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ „ფორმულას“, 3-ჯერ „ტელეკომპანია პირველს“) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ – თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი – 5000 ლარით დააჯარიმა.

“უკვე 1 ოქტომბერს კი – ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა. დიდი ალბათობით, კომისია მავნე პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, იმავე მიზეზით ახლა უკვე „ტელეკომპანია პირველსაც“ დააჯარიმებს, რადგანაც, როგორც წესი, კომისია ერთ შეკრულ წრეზე მოძრაობს და მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს. აშკარაა, რომ კომუნიკაციების კომისა ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს. კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა. მართალია, კომისიამ პარალელურად მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც – „იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“ – მოაქცია, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება. იმთავითვე ნათელი იყო, რომ კომისიის მიზანი მხოლოდ კრიტიკული მედიების დასჯა და ფინანსური ჯარიმების გზით მათი დასუსტება ან/და დახურვა იყო. კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს შინაარსობრივი მონიტორინგის დაწყებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც 2026 წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს, როგორც წესი, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამბების პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას ედავება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კომისიის მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის შედგენილი ყველა მოხსენებითი ბარათი შეისწავლა (ჯამში 7 ასეთი დოკუმენტი) და მის მიერ აკრძალული სიტყვები და ფრაზები დააჯამა. გამოირკვა, რომ კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ჯამში 101 სიტყვისა ან/და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს, აქედან 33-ს „ტელეკომპანია პირველს“, 68-ს კი – „ფორმულას“. გარკვეულ შემთხვევებში, ორი კრიტიკული მაუწყებლისთვის აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების ნაწილი ერთმანეთს კვეთს. ჯამში, კომისია 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას კრძალავს. კომისიის მიერ კრიტიკული ტელევიზიებისთვის აკრძალულ სიტყვებსა და ფრაზებს შორისაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „პოლიტიკური ტყვეები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“, „რეჟიმის სასამართლო“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“ და ა.შ. გარდა კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვისა, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ამბების მშრალად, შეფასებისა და ანალიზისგან სრულად დაცლილად გაშუქებას სთხოვს. მაგალითად, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, კომისია დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტებისა და წამყვანების შემდეგ ტექსტებსაც:

ყველაფერი კარგად იქნება












კომენტარი