ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი, რომელიც სამი წლის წინ აშენდა, ამ დრომდე დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. შედეგად, მილიონობით ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა გამოუყენებლად დგას და ნადგურდება.
როგორც ირკვევა, ბაღის გახსნის შეფერხების მთავარი მიზეზი საკანალიზაციო ქსელს უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, ობიექტზე საკანალიზაციო სისტემა სრულყოფილად არ მოეწყო, რის გამოც ორსართულიან შენობაში ნესტია. არსებული მდგომარეობის გამო, შენობაში ბავშვების მიღება შეუძლებელია.
უფუნქციოდ დარჩენილ ორსართულიან შენობასთან ერთად, სრულად ზიანდება საბავშვო მოედანი და ეზოს ინფრასტრუქტურაც. ტერიტორია მაღალი ბალახით არის დაფარული, შენობის ფანჯრების ნაწილი კი უკვე ჩამსხვრეულია. ადგილობრივების თქმით, უპატრონოდ მიტოვებული სკვერი და შენობა მუდმივ საფრთხეს ქმნის.
ცნობისთვის, ამჟამად ქუთაისში ბაგა-ბაღების 38 ფილიალია. აქედან 33 ფუნქციონირებს, დანარჩენი კი მოწყობისა და გახსნის ეტაპზეა. დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში ამ დროისთვის 6 700 აღსაზრდელია.












კომენტარი