ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა

კულტურა
18 ნოე 2025
ტექსტის ზომა

ქუთაისში, თეატრმა „ლიანდაგმა“ პირველ პრემიერას უმასპინძლა. ახალ დამოუკიდებელ სივრცეში, გუშინ მაყურებლის წინაშე „ბერსერკები: ფილოკტეტე“ წარდგა.

ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ მსახიობებთან ერთად 1980-90-იანი წლების გერმანიის და ზოგადად, ევროპის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის ჰაინერ მიულერის პიესის სრულიად თანამედროვე, "ბერსერკული" ვერსია შექმნა.

ჰაინერ მიულერი "ფილოკტეტეს“ საკუთარ ვერსიაში ანტიკურ მითს ეყრდნობა და ოდისევსის მიერ მოტყუებული და ბერძნებისგან განდევნილი გმირის ბედისწერას უტრიალებს, იგი იკვლევს კოლექტივიდან განდევნილი ინდივიდის არსობრივ პრობლემატიკას, რომლის იმავე კოლექტივში დაბრუნებაც მხოლოდ უაღრესად რთული და მტკივნეული გზითაა შესაძლებელი. ეს დრამატული სიტუაცია - კოლექტივისა და ინდივიდის, იძულებისა და ავტონომიის დაპირისპირება საკმაოდ რადიკალური ფორმებით იკვლევს იმ ფუნდამენტურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებს, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. როგორ ექცევა უმრავლესობა უმცირესობად აღქმულ ადამიანებს? რას შეიძლება ნიშნავდეს განკვეთა და განდევნა თანამედროვე სოციუმში? რა ფასი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებისგან სრულ დისტანცირებას? რას ნიშნავს ნამდვილი ერთგულება და ლოიალურობა? სად გადის სოლიდარობის საზღვრები, მაშინ როდესაც სასწორზე პოლიტიკური თუ მილიტარისტული ინტერესები დევს?

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შექმნილ „ფილოკტეტეს“ დღემდე არ დაუკარგავს თავდაპირველი პოლიტიკური და ესთეტიკური აფეთქების პოტენციალი და „ბერსერკების“ შემოქმედებითი ჯგუფის აზრით, მისი პირველი ქართულენოვანი ინსცენირება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში შეიძლება იქცეს უაღრესად საჭირბოროტო რეფლექსიად ძალაუფლების, ღალატის, სოლიდარობისა და ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციისა და დეჰუმანიზაციის თემებზე.

"ბერსერკები“ ევოლუციური თეატრალური პროექტია, რომელსაც პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ახალ-მისტერიულ თეატრად ახასიათებს. „ბერსერკები“ არის ერთგვარი მითი-თამაში, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდებში ცოცხლდება თეატრალურ სცენაზე. გარკვეულწილად, ესაა თეატრალური სერიალის ექსპერიმენტი. პროექტი მოიცავს სხვადასხვა სახისა და მასშტაბის სპექტაკლებს, პერფორმანსებს და ჰეფენინგებს, რომელთაც საერთო მეტა-ნარატივი – პროექტის მონაწილეთა მიერ თანაავტორობით შეთხზული მითი აერთიანებს. სწორედ ამ მითური პერსპექტივიდან ხორციელდება სხვადასხვა ბერსერკული ნაწარმოებები, რომელთა შექმნისასაც ტრადიციული თეატრალური პროცესის იერარქიული სტრუქტურა ირღვევა და მის ადგილს ერთგვარი ანარქისტული, პანკური ჟესტებით სავსე საერთო თავგადასავალი იკავებს.

თეატრი „ლიანდაგი“ ნიკო ნიკოლაძის კლუბის ახალი, დამოუკიდებელი სივრცეა, რომელიც ქუთაისში თანამედროვე თეატრისა და კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. ის საშემსრულებლო ხელოვნების მოყვარულებმა და ენთუზიასტებმა დაუღალავი შრომის შედეგად შექმნეს. თეატრი „ლიანდაგი“ ეცდება შეავსოს ის ერთგვარი კულტურული სიმწირე და ვაკუუმი, რაც სამწუხაროდ, დღეს ბევრ ქართულ რეგიონს თუ პატარა ქალაქს ახასიათებს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქუთაისის ისტორიული იდენტობის, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრისა და ქვაკუთხედის აღდგენასა და მომავალ განვითარებაში. „ლიანდაგი“ ოფიციალურად 2025 წლის 16 სექტემბერს „ოპუსით“ – კლასიკური მუსიკის საღამოთი გაიხსნა და ახლა კი საკუთარ სცენაზე პირველ თეატრალურ წარმოდგენას ელის.

სპექტაკლის პრემიერები კიდევ ორ დღეს გასტანს. მაყურებელს ქუთაისში, ახალ დამოუკიდებელ სივრცეში - "ლიანდაგი" 8 და 9 ნოემბერს 20:00 საათზე კვლავ შეუძლია იხილოს "ბერსერკები ფილოკტეტე".

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი