საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მდებარე აბაშიძეების ეკლესიის XVI საუკუნის ფრესკები მძიმე მდგომარეობაშია. ეკლესიის კედლის მხატვრობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ფრესკებზე გამოსახულია XVI საუკუნის საერო პირები თავიანთი ეპოქის სამოსით, რაც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში იშვიათ და უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. სპეციალისტების შეფასებით, ფრესკების დაკარგვა სერიოზულ კულტურულ დანაკარგად ჩაითვლება.

როგორც „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, ფრესკა და ნალესობა უკიდურესად დაზიანებულია - კედლის მხატვრობის ნაწილი გამობერილია, კედელს მოცილებულია, შეინიშნება ბზარები და მაღალი ტენიანობა, რაც აქტიური ჩამოცვენის რეალურ საფრთხეს ქმნის. ასევე დაზიანებულია ტაძრის დასავლეთის კედელი, რომელსაც სასწრაფო გამაგრება სჭირდება.
"მართლაც ტრაგიკული სურათი დაგვხვდა საჩხერეში, ჭალის აბაშიძეების ბაზილიკის (XVIს) კედლის მხატვრობაზე. ფრესკა, ნალესობა უმძიმეს მდგომარეობაშია.
უმეტეს შემთხვევაში გამობერილია, კედელს მოცილებულია, აღინიშნება ბზარები და ტენიანობა აქტიური ჩამოცვენის მაღალ რისკს ქმნის.ტაძრის დასავლეთის კედელს აქვს ბზარი და სასწრაფო გამაგრება სჭირდება. ვიდრე ეკლესიის მძიმე მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში მოქალაქემ არ დაწერა, სააგენტოში ამით არავინ დაინტერესებულა.

ერთი კვირის წინ მოსულან და დროებითი ზედაპირული ფიქსაციის პროცესი დაუწყიათ. ეს შემთხვევაც ადასტურებს, რომ, როცა სისტემა ბოლომდე ჩამოშლილია, ინდივიდუალურ აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობის გადასარჩენად", - წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი.












კომენტარი