ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატმა თეკლა მებურიშვილმა ქალაქის განვითარების შესახებ ისაუბრა.
ოპოზიციის წარმომადგენელმა ქუთაისისთვის დედაქალაქის სტატუსის დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მნიშვნელობით უპასუხა.
თეკლა მებურიშვილის განცხადებით, ქალაქის განვითარებისა და ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებისთვის აუცილებელია, ქუთაისმა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქცია შეიძინოს. მანვე გააკრიტიკა ცენტრალური ხელისუფლების ხედვა და აღნიშნა, რომ ქალაქის საჭიროებებზე თავად ადგილობრივებმა და მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა იმსჯელონ.
"ქუთაისს უნდა ჰქონდეს ფუნქცია და ეს ფუნქცია უნდა იყოს დედაქალაქობა. უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ცენტრი. მინდა, რომ ამ იდეის მხარდამჭერი რაც შეიძლება მეტი იყოს. თუ ქუთაისი არ შეიძენს პოლიტიკურ ფუნქციას, აგერ ახალგაზრდები, რომლებიც სტაჟირებაზე მუშაობენ ჩვენთან, მალე მოუწევთ ქუთაისი დატოვონ, როგორც მათი თაობის წარმომადგენლები იქცევიან, და დაბრუნდებიან თუ არა უკან, არავინ იცის... ბატონი პრემიერი, რომელსაც ერთი დღეც არ უცხოვრია ქუთაისში, გეგმავს, ქუთაისი გახდეს განათლების ჰაბი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა არა, ქუთაისელებმა და ქუთაისელების მიერ არჩეულმა ხალხმა ვიმსჯელოთ, რა სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ხალხს, რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი, რა ფუნდამენტური წინააღმდეგობა გაქვთ ამ იდეასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეკლა მებურიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ უპასუხა.
მისი თქმით, ქალაქის ფუნქციის დაბრუნების პროცესი უკვე მიმდინარეობს, რის მაგალითადაც მან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი დაასახელა და ოპონენტს ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა შესთავაზა.
"როცა მეკითხებით, ქუთაისს ფუნქცია როგორ უბრუნდება, ეტყობა ტექნოლოგიურ ჰაბში არ ჩასულხართ, რა პროცესები მიდის, რა სწავლებები მიდის, რამდენმა ადამიანმა მოინახულა. ამ ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ, დაგითმობთ დროს, უბრალოდ ახლა რომ ვისაუბროთ, არ გვეყოფა დრო. გელოდებით, ნებისმიერ დროს მობრძანდით და უფასო ლექციებს ჩაგიტარებთ“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.












კომენტარი