ეს კარვები გამოხატავს არა მხოლოდ ჩვენ, პროტესტს, არამედ იცავს თქვენს სამუშაო ადგილებსაც, სანამ ისინი დგას, თქვენზე რეპრესიები არ დაიწყება, – ასე მიმართავენ ჭიათურელი პროტესტის მონაწილე მაღაროელები დასაქმებულ მაღაროელებს.
მათივე თქმით, ბრძოლა არის საერთო, სამართლიანობისთვის.
“მოგმართავთ, ჭიათურელო მაღაროელებო!
საპროტესტო კარვები, რომლებიც დღეს დგას ჭიათურაში, არ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა – ეს არის სიმბოლო უკომპრომისო წინააღმდეგობის უსამართლობის წინააღმდეგ. ამ კარვებში ჩვენ ვდგავართ სოლიდარულად ჩვენი ოთხი უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლის გვერდით. ისინი მარტო არ უნდა დარჩნენ, რადგან მათი ბრძოლა თქვენი ბრძოლაც არის.
გახსოვდეთ: ეს კარვები გამოხატავს არა მხოლოდ ჩვენ, პროტესტს, არამედ იცავს თქვენს სამუშაო ადგილებსაც. სანამ ისინი დგას, თქვენზე რეპრესიები არ დაიწყება. მაგრამ თუ ეს კარვები აიღეს – მაშინვე დაიწყება ზეწოლა თქვენზე, მაშინვე გამოაჩენს კომპანია თავის კლანჭებს და რეალურ სახეს. ახლა კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ, რომ ჩვენთან ერთობაში არ დადგეთ არ შემოგვიერთდეთ, დროებით არ აჩენენ თავიანთ რეალურ სახეს, შედარებით ლოიალურები არიან. თუმცა ამავე დროს, მაინც ბედავენ და არღვევენ თქვენს უფლებებს: 15 რიცხვში დასარიცხი სახელფასო ანაზღაურება არ ჩაგირიცხეს კუთვნილი საკუთარი ოფლით და ჯაფით გამომუშავებული, ასევე, ჩვენ არ გვაძლევენ კუთვნილ 60%-ს.
ფიქრი გმართებთ, ძმებო და დებო! ჩვენც ისეთივე მშრომელები ვართ, როგორც თქვენ. ჩვენ არ ვიბრძვით პირადი სარგებლისთვის – ჩვენი ბრძოლა არის საერთო, სამართლიანობისთვის. კომპანია ჩვენზე კარგს არასდროს არ იტყვის, მაგრამ თუ ოდესმე მოისმენთ მათგან შექებას ჩვენი მისამართით, მაშინ შეიტანეთ ეჭვი ჩვენს გულწრფელობაში.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად. და თქვენზეა დამოკიდებული, ამ ბრძოლაში მარტო დავრჩებით თუ ერთიანი ძალით გავიმარჯვებთ”, – წერენ პროტესტის მონაწილეები.