გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სასახლის ღობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილისგან "აღიარებას და სინანულს" ითხოვს.

გვარაკიძე 72 წლის აკადემიკოსს ამჯერად სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე სთავაზობს საპროცესო გაფორმებას, ოღონდ მხოლოდ აღიარების სანაცვლოდ.

"4 ოქტომბრის საქმეზე ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია, ამიტომაც თავისთავად მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.

მესმის რამდენი წლისაც არის, მაგრამ გიხსნით ახლა - სასჯელის ალერნატიული საშუალება ამ შემთხვევაში იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შემიძლია გითხრათ, რომ თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, რასაც ბრალდება ედავება და მოინანიებს, ჩვენ გვაქვს სააპელაციო სასამართლოში იმის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა თუ გაასაჩივრებენ და სააპელაციო მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ჩვენს შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ”, - განაცხადა გვარაკიძემ.

"სასახლის ღობის" საქმეზე ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.