უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზაზე რამდენიმე მატარებლის მოძრაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა ბერულავა წერს, თბილისი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც თბილისიდან საღამოს 17:30 საათზე გავიდა და ფოთში ღამის 23:30 სთ-ზე უნდა ჩასულიყო, უკვე ორ საათზე მეტია, ხარაგაულში, წიფაშია გაჩერებული.

მისი ინფორმაციით, მატარებელი ძაბვის ვარდნის პრობლემის გამო გაჩერდა. ამ დროისთვის ელექტროენერგია გათიშულია როგორც მატარებელში, ისე ბაქანზე. ბერულავა აღნიშნავს, რომ შეფერხება თოვლის საფარს არ უკავშირდება, რაც მის მიერ გავრცელებულ ფოტოებშიც ჩანს.

მგზავრების თქმით, ადგილზე პერიოდულად მიდიან ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ძრავისა და სისტემების გადატვირთვას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

ანალოგიური პრობლემა შეექმნა დღეს თბილისი–ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მატარებელსაც, რომელიც იმერეთის ტერიტორიაზე გაიჭედა და ზუგდიდში სამის ნახევრის ნაცვლად საღამოს ექვს საათზე ჩავიდა. იმავე შემადგენლობამ თბილისისკენ მოძრაობა საათ-ნახევრის დაგვიანებით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ამ მატარებელსაც ძაბვის ვარდნის პრობლემა აქვს და სავარაუდოდ, დედაქალაქში გათენებამდე ჩავა.

ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობის საკითხსაც სვამს და წერს, რომ მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორის ანაზღაურება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ის მაღალი უნდა იყოს.

პოსტის ავტორი სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს.